რედიქსი
კომპანია „რედიქსი“, საქველმოქმედო ფონდ „ცისკრის“ სახელით, 2007 წლიდან ატარებს თეატრალურ დაჯილდოებას „დურუჯი“. დაჯილდოება იმართება ყოველწლიურად და მიზნად ისახავს თეატრის განვითარებასა და თეატრალური სამყაროს ხელშეწყობა-წახალისებას. „დურუჯი“ არის საქართველოში ერთადერთი თეატრალური ჯილდო/პრიზი, რომელიც მსახიობებსა და თეატრის მოღვაწეებს გადაეცემა. დაჯილდოების ერთ-ერთი სპონსორია კულტურის სამინისტრო, რომელიც საუკეთესო სადებიუტო სარეჟისორო ნამუშევრის ნომინაციაში გამარჯვებულს 10 000 ლარს გადასცემს. „დურუჯის“ სტრატეგიაა იყოს ხელმისაწვდომი ყველა თეატრალური დასისთვის, მიუხედავად პროფილისა. პროექტის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენს საქართველოში არსებული ყველა ის თეატრი, რომელიც თეატრალური წლის განმავლობაში ერთ სპექტაკლს მაინც წარუდგენს საზოგადოებას და აქტიურად არის ჩართული ქართული თეატრალური სამყაროს ცხოვრებაში.
„დურუჯი“ არის ერთადერთი თეატრალური დაჯილდოება, რომელიც სრულიად უანგაროდ, მხოლოდ ერთი პირობით უწევს დახმარებას თეატრს – პრემიის სახით მიღებული თანხა შემდეგ წელს გამოყენებული უნდა იყოს თეატრალური დადგმისათვის ან მოხმარდეს თეატრის საჭიროებებს. ყოველწლიურად პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 100 000 ლარს შეადგენს, რომელიც მოიცავს: პრემიების გაცემას, ჟიურის წევრების ანაზღაურებას, დაჯილდოების ღონისძიების ორგანიზებას, პროექტის ციფრულ უზრუნველყოფას და სხვა.
„მისი დაარსების დღიდან, რაც რედიქსის ჯგუფის ყველა ობიექტსა და ზოგადად კომპანიის მისიას ახასიათებს, ეს არის კულტურული ძეგლებისა და ზოგადად კულტურის განვითარება და მისი სტიმულირება“. ქეთევან ჭითანავა მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი