პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფი PMCG
PMCG-მ მაგისტრატურის სტუდენტების დაფინანსება 2015 წლიდან დაიწყო. ეს გადაწყვეტილება კომპანიის სფეროში კადრების მაღალმა დეფიციტმა განაპირობა. გარდა ამისა, PMCG-ს მიაჩნია, რომ ქვეყნის სწრაფი და ეფექტური განვითარებისთვის აუცილებელია განათლებული და მოტივირებული ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა და განათლების დონის ამაღლება. ინიციატივას კომპანია საქართველოში ეკონომიკის მიმართულების ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტთან – თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა „აისეტთან“ (ISET) – თანამშრომლობით ახორციელებს. 2015 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად ცხადდება კონკურსი. სტუდენტების შერჩევა ხდება შემდეგი კრიტერიუმებით: აკადემიური მოსწრება, მოტივაცია, ოჯახის ფინანსური მდგომარეობა.
საბოლოო გადაწყვეტილებას კომპანიის საბჭოს წევრები იღებენ. პროგრამის ფარგლებში კომპანიამ 9 სტუდენტს უკვე დაუფინანსა სამაგისტრო კურსის გადასახადი. აღსანიშნავია, რომ პროგრამის მონაწილეების ნახევარმა საზაფხულო სტაჟირება PMCG-ში გაიარა. 2018 წელს კომპანიამ დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობა 2-დან 3-მდე გაზარდა.
ინიციატივის ფარგლებში PMCG-მ დაახლოებით 20,000 ლარი დახარჯა. სამომავლოდ კომპანია გეგმავს, რომ დაფინანსების სქემაში შეიტანოს ისეთი სფეროების სტუდენტების დაფინანსებაც, რომელთაც ასევე აქვთ მაღალკვალიფიციური კადრების დეფიციტი ადგილობრივ ბაზარზე.