ვისოლი
„ვისოლისთვის“, როგორც გარემოზე მზრუნველი კომპანიისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკომეგობრული ელექტროტრანსპორტის პოპულარიზაცია და ელექტრომანქანების დამტენი სადგურების ქსელის განვითარება საქართველოში. 2017 წლის ივლისში „ვისოლმა“, კომპანია „ი-სპეისთან“ თანამშრომლობით, ელექტრომობილების დამტენი პირველი სადგური გახსნა; დღესდღეობით „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურების ქსელში უკვე სამი ასეთი დამტენი მუშაობს. უახლოეს მომავალში კომპანია კიდევ უფრო გაზრდის ამ სადგურების რიცხვს და შექმნის სწრაფდამტენ ინფრასტრუქტურას, სადაც ელექტრომობილის სრულფასოვნად დამუხტვა ნახევარ საათში იქნება შესაძლებელი.
„ვისოლი“ ელექტროტრანსპორტის მძღოლებს, წასახალისებლად, სრულიად უფასოდ სთავაზობს ავტომობილების დამუხტვას. ეკომეგობრული ტრანსპორტის პოპულარიზაციისთვის კომპანიამ, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოვიჟენის“ მოხალისეების მონაწილეობით, ავტობანის გორის მონაკვეთზე მდებარე „ვისოლის“ დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის ტერიტორიაზე, საქართველოში პირველად გამართა ელექტრომობილების ავტორბოლა და საზოგადოებას ელექტროტრანსპორტის შესაძლებლობები უჩვენა.
2018 წელს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს, ეკოტრანსპორტის უპირატესობებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, „ვისოლმა“ სხვადასხვა ტიპის ელექტროტრანსპორტის გამოფენა და საზეიმო მსვლელობაც მოაწყო. რამდენიმე წლის წინ ელექტროტრანსპორტი ქუჩებში იშვიათად თუ გამოჩნდებოდა. დღეს ქვეყანაში 5000-მდე ელექტროავტომობილია, სწრაფად იზრდება ჰიბრიდული ავტომობილების რიცხვიც. ამ პროცესში მნიშვნელოვანია „ვისოლის“, როგორც ბაზრის ლიდერის წვლილი.
„ვისოლ ჯგუფის წარმატებული ბიზნესსაქმიანობით ჩვენ გვინდა წვლილი შევიტანოთ საზოგადოებრივი კეთილდღეობის და ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნის მშენებლობაში“. ვასილ ხორავა გენერალური დირექტორი