ენერგო-პრო ჯორჯია
„ენერგო-პრო ჯორჯია“ არის ელექტროენერგიის გენერაციისა და დისტრიბუციის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, რომლის ოპერირებისას ფართოდ გამოიყენება ნავთობპროდუქტები. კომპანია აღჭურვილია გარემოსდაცვითი მართვისა და კონტროლის სათანადო სისტემით, მაგრამ, ამის მიუხედავად, ქვეყანაში ჩამდინარე წყლების გამწმენდი სისტემების გაუმართაობის გამო, უხვი ატმოსფერული ნალექების პირობებში კომპანიის ობიექტებზე ნავთობპროდუქტების უმნიშვნელო გაჟონვაც კი შესაძლოა გადაირეცხოს სანიაღვრე ქსელში და გარემოს დაბინძურების წყაროდ იქცეს. ამ მოსალოდნელი პრობლემის თავიდან ასაცილებლად კომპანიამ არჩევანი შეაჩერა ნავთობპროდუქტებით დაბინძურების გაწმენდის მეთოდზე, რომელიც „ეკოტექნოლოგიების სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ სპეციალისტებმა მიკროორგანიზმების ბაზაზე დამზადებული, ეკოლოგიურად უვნებელი ბიოპრეპარატის საფუძველზე შეიმუშავეს.
პრეპარატის გამოყენების შემდეგ მიკროორგანიზმები ხანგრძლივად რჩებიან გარემოში და განაგრძობენ ნავთობის ნახშირწყლების დაშლას მათ საბოლოო გაქრობამდე, რაც სტაბილურ ეკოლოგიურ ეფექტს იძლევა. პროექტის პირველი ეტაპი 2017 წელს „გუმათი II“ ჰესის ტერიტორიაზე ნიადაგის გაწმენდის და აღდგენის მიზნით განხორციელდა. შედეგად, არა მხოლოდ მნიშვნელოვნად შემცირდა ჰესის ტერიტორიის დაბინძურება, არამედ მთლიანობაში გაუმჯობესდა გარემოს მდგომარეობა. კომპანიის გარემოსდაცვითი სამსახური ჰესის ტერიტორიაზე პერიოდულად ატარებს ნიადაგის ლაბორატორიულ კვლევას; ნიადაგის დაბინძურებისგან დასაცავად თანმიმდევრულად ხორციელდება ნარჩენების მართვის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები.