ფრეგო
ნავთობპროდუქტების იმპორტიორმა და დისტრიბუტორმა საქართველოში, კომპანია „ფრეგომ“, 2018 წლის ივლისში დაწყებული „ბიოდიზელის“ პროექტის ფარგლებში, პირველად საქართველოსა და რეგიონში დანერგა განახლებად ბიორესურსებზე დამყარებული საწვავის – ბიოდიზელის წარმოება, რომელიც, ნავთობდიზელისგან განსხვავებით, არ აბინძურებს ატმოსფეროს და მსოფლიოში ყველაზე სუფთა და ეკომეგობრულ საწვავად არის მიჩნეული.
ბიოდიზელის წარმოების ტექნოლოგია და ეკონომიკური მოდელი ილიაუნის მეცნიერებმა 2015 წელს ამერიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიმუშავეს. დაინახა რა ის ეკოლოგიური და ეკონომიკური სიკეთე, რასაც ბიოდიზელის წარმოება მოუტანდა ქვეყანას, საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში „ფრეგომ“ გადაწყვიტა ილიაუნის საპილოტე პროექტის კომერციალიზაცია და ნახევარმილიონიანი ინვესტიციით ააშენა და აღჭურვა ბიოდიზელის საწარმო, რომელშიც ორი ათეული ადამიანი დასაქმდა. აღსანიშნავია, რომ საწარმოს მუშაობის შედეგად ყოველთვიურად იზოგება 27-28 ტ. ნახშირორჟანგის ემისია ატმოსფეროში; რამდენადაც ბიოდიზელის წარმოება დაფუძნებულია ნარჩენი ბიორესურსების, კერძოდ, მეორადი საკვები ზეთების გადამუშავებაზე, პროექტი ორმაგ ეკოლოგიურ ეფექტს იძლევა – ერთი მხრივ, ამცირებს ნავთობპროდუქტების მოხმარებით გამოწვეულ უარყოფით გავლენას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელს უწყობს თხევადი ნარჩენების გონივრულ მართვას და უტილიზაციას. ენერგომომარაგების წყაროების დივერსიფიცირებით ბიოდიზელის წარმოება ეხმარება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას.
„ჩვენი კომპანია, მისი კორპორატიული და სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, სწორედ ისეთი პროექტის განხორციელებას მიიჩნევს პრიორიტეტულად, რომელიც მრავალმხრივ ბენეფიტებს მოუტანს როგორც მოსახლეობას, ისე ქვეყნის ეკონომიკას და ეკოლოგიას“.
ირაკლი ნებულიშვილი აღმასრულებელი დირექტორი