დიო

კომპანია “დიო“ 2017 წლიდან ჩართულია დუალური სწავლების პროგრამაში _ „პროფესიული განათლებისა და პარტნიორობის პროექტი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“, რომელიც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან ერთად ხორციელდება. პროექტის მიზანია უმუშევრობის შემცირება ახალგაზრდა სპეციალისტების შესაძლებლობების გაძლიერებისა და მათი პრაქტიკული, გამოყენებითი უნარ-ჩვევების განვითარების გზით. „დიოს~ პროექტი ახალი კვალიფიციური კადრების მოზიდვის შესაძლებლობასაც აძლევს.

დუალური სწავლების პროგრამის ფარგლებში „დიო“ თანამშრომლობს სხვადასხვა პროფესიულ სასწავლებელთან, რომლებთანაც ერთობლივად იგეგმება ყოველ კონკრეტულ სამუშაო პოზიციას მორგებული სასწავლო პროგრამის განხორციელება. პროგრამის თეორიულ ნაწილს სასწავლებელი უზრუნველყოფს, ხოლო პრაქტიკულ სწავლებას სტუდენტები „დიოს“ საწარმოში გადიან. ამ ეტაპზე თანამშრომლობის მემორანდუმები უკვე  6 სასწავლებელთანაა გაფორმებული.

პროექტში მონაწილეთა 80% უკვე დასაქმებულია „დიოში“, რის შედეგადაც კომპანიის თანამშრომელთა რაოდენობა 130-დან 178 ადამიანამდე გაიზარდა; ახალგაზრდებს მიეცათ საშუალება დაეუფლონ მათთვის საინტერესო საქმეს  არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღებით, არამედ პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავებითაც.