თიბისი ბანკი
გამოფენამ საზოგადოებას წარუდგინა დავით კაკაბაძე, როგორც მხატვარი, ხელოვნებათმცოდნე, ფოტოგრაფი, ოპერატორი, მეცნიერი, გამომგონებელი და სტერეო-კინოს სპეციალისტი.
პროექტის სხვა ღონისძიებებს შორისაა დავით კაკაბაძის სამეცნიერო კვლევებისა და მხატვრული ნამუშევრების შთაგონებით შექმნილი მულტიმედიური ექსპოზიცია, დავით კაკაბაძის საიუბილეო კატალოგის გამოცემა, არქივის პრეზენტაცია თბილისის ხელოვნების ბაზრობაზე, მხატვრის აქამდე უცნობი ნამუშევრების გამოფენა წინანდალში. შეიქმნა საგანმანათლებლო პლატფორმა BAZA – ცოდნის გაზიარებისა და იდეების გენერირების ღია სივრცე ხელოვანებისთვის, მკვლევრებისთვის, სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული ადამიანებისთვის.
პროექტმა სრულიად ახალი პერსპექტივით წარმოაჩინა დავით კაკაბაძის შემოქმედება; გამოფენებს ჯამში 15,000 მნახველი ჰყავდა. ხორცი შეისხა პროექტის უმთავრესმა გამოწვევამ _ დავით კაკაბაძის მემკვიდრეობა გადავიდა ციფრულ ფორმატში, რაც მისი მრავალფეროვანი და მრავალშრიანი წარმოდგენის, განახლებისა და განვრცობის წინაპირობაა.
პროექტი საგანმანათლებლო პლატფორმის მეშვეობით რამდენიმე წელს გაგრძელდება.