ემბისი

 

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა:

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია ცდილობს მაქსიმალურად შეამციროს საქმიანობის უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე, უზრუნველყოს ნარჩენების გადამუშავება და დასუფთავების აქციებში აქტიური ჩართულობა.

„ემბისიში“ ჩამოყალიბებულია გარემოს დაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკა, შემუშავებულია სამოქმედო გეგმა და გაწერილია წლიური გარემოსდაცვითი ატივობები.

თანამშრომლები მაქსიმალურად უფრთხილდებიან ბუნებრივ რესურსებს, აგროვებენ ქაღალდის ნარჩენებს და აბარებენ გადამამუშავებელ პუნქტებში, ყოველწლიურად მონაწილეობენ დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში და გამწვანების აქციებში, შეუერთდნენ მასშტაბურ კამპანიას „გარემოს გულისთვის“, რომლის ფარგლებშიც რეგულარულად ასუფთავებენ ნარჩენებით დაბინძურებულ ტურისტულ ზონას უფლისციხის მახლობლად. კომპანიაში წახალისებულია ეკომეგობრული ტრანსპორტით გადაადგილება; გამწვანებულია საოფისე სივრცე; პლასტმასის ერთჯერადი ჭიქები ჩანაცვლებულია ქაღალდის ჭიქებით. 2020 წლიდან „ემბისი“ გეგმავს გადავიდეს ე.წ „მწვანე შესყიდვებზე“.

თანამშრომლების მიმართ პასუხისმგებლობა:

თანამშრომლების მიმართ პასუხისმგებლობის ფარგლებში „ემბისი“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შრომის უსაფრთხო პირობების შექმნას და დაცვას, უზრუნველყოფს პროფესიული განვითარების ხელშემწყობ და წამახალისებელ გარემოს.

კომპანიაში დანერგილია საჩივრების, შენიშვნებისა და რეკომენდაციების მიწოდების ანონიმური ონლაინპლატფორმა; თანამშრომელთა წახალისების მიზნით მოქმედებს ბონუსების და წლიური პრემიების სისტემა,  ჯანმრთელობის დაზღვევა, ხელფასის მატების სქემა, ჯილდოები, კორპორაციული ღონისძიებები და სხვა. კომპანია თავად იხდის თანამშრომლების საპენსიო შენატანის სრულ ოდენობას. „ემბისის“ თანამშრომელთა შტატი დაბალანსებულია გენდერული თვალსაზრისით.

კომპანია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლების პროფესიული განვითარებისათვის ტრენინგებისა და სასწავლო პროგრამების დაგეგმვასა და ჩატარებას.

პასუხისმგებლობა საბაზრო სივრცეში:

კომპანიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მომხმარებელთა უფლებების დაცვა, რაც გულისხმობს გამჭვირვალე, გონივრულ და ღირსეულ ფინანსურ მომსახურებას.

კლიენტებთან დამოკიდებულება ეფუძნება პროფესიული ეთიკის მაღალ სტანდარტებსა და მორალურ ღირებულებებს. დაწესებულია მომსახურების ხარისხის მეთვალყურეობა; დანერგილია საჩივრების მიღებისა და განხილვის სისტემა.

2017 წლიდან „ემბისი“ Smart Campaign-ს ­­— მიკროსაფინანსო სექტორში მომხმარებელთა დაცვის ყველაზე ფართომასშტაბიან საერთაშორისო კამპანიას შეუერთდა, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა შვიდი ძირითადი პრინციპის (პროდუქტის შესაფერისი მიწოდება, ზედმეტი დავალიანების პრევენცია, გამჭვირვალობა, გონივრული ფასდადება, სამართლიანი და თავაზიანი მოპყრობა კლიენტთან, მონაცემების კონფიდენციალობა, საჩივრების მართვის მექანიზმები) ერთგულება.

კომპანიის მიზანია მიკროსაფინანსო ბაზარზე სანდო, კეთილსინდისიერი და მომხმარებლის კეთილდღეობაზე ორიენტირებული კომპანიის რეპუტაციის დამკვიდრება.

საზოგადოების/ცალკეული თემების მხარდაჭერა:

აღნიშნული კუთხით კომპანია აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სოციალურ პროექტს. კომპანიის პრიორიტეტული სამიზნე ჯგუფებია სოციალური საწარმოები, შშმ პირების პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციები, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, ქალი მეწარმეები, ბავშვთა და ხანდაზმულთა სახლების ბენეფიციარები, სკოლის მოსწავლეები და ახალგაზრდები.

კომპანიის ერთ-ერთი წარმატებული სოციალური პროექტია „ფინანსური მრჩეველი“, რომლის ფარგლებშიც კომპანია ცდილობს აამაღლოს ფინანსური განათლების დონე, სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფის საჭიროებებზე მორგებული ტრენინგების, მასტერ-კლასების და კონსულტაციების მეშვეობით.

pro bono ქსელის წევრობის ფარგლებში, “ემბისის” თანამშრომლები უსასყიდლოდ უწევენ მაღალკვალიფიციურ პროფესიულ მომსახურებას შესაბამისი საჭიროების მქონე სამოქალაქო ორგანიზაციებსა თუ სოციალურ საწარმოებს. „ემბისი“ აფინანსებს Clown Care-ის პროექტს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკოჰემატოლოგიური განყოფილების პაციენტებისთვის და მუდმივად მხარში უდგას სათნოების სახლ „კათარზისს“.

2016 წლიდან „ემბისის“ თანამშრომლები მონაწილეობენ მარათონში „Wings for Life” და სხვა მრავალ საქველმოქმედო პროექტსა თუ კამპანიაში.