გამარჯვებულები 2019

წლის პასუხისმგებელი მსხვილი კომპანია

პროკრედიტ ბანკი

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა: პროკრედიტ ბანკის გარემოსდაცვითი პოლიტიკის სამი საყრდენია: შიდა გარემოსდაცვითი მართვა (ენერგიის, წყლისა და ქაღალდის ხარჯების შემცირება, ნარჩენების შემცირება), დაკრედიტებისას გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვა (კლიენტების სკრინინგი გარემოზე მავნე
ზემოქმედების თვალსაზრისით) და მწვანე ფინანსირება (სპეციალური სესხების ინვესტირება ენერგოეფექტურობაში, განახლებად ენერგიასა და სხვა „მწვანე“ პროექტებში).

წლის პასუხისმგებელი მცირე და საშუალო კომპანია

ალტიტუდა

„ალტიჰატი“ არის სამთო თავშესაფარი და ალპური სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 3 014 მეტრ სიმაღლეზე. „ალტიჰატი“ წარმოადგენს სოციალურ საწარმოს, რომლის მიზანია ალპურ სიმაღლეზე სანიტარიული პირობებისა და ზოგადი უსაფრთხოების გაუმჯობესება, რთულად მისადგომ ადგილებში ტურისტული პოტენციალის განვითარება და მომსახურების უმაღლესი სტანდარტის დამკვიდრება. ზოგადი მიდგომა „ალტიჰატი“ – ეს არის უმაღლესი სტანდარტების და ეკოლოგიურად სუფთა მასალებით, შვეიცარიაში დამზადებული, სრულიად თანამედროვე და ენერგოეფექტური სამთო ქოხი, რომელიც აღჭურვილი მზის აკუმულატორებით.

მწვანე ინიციატივა

თიბისი ბანკი – მწვანე ავტოპარკი

2017 წელს „თიბისი ბანკმა“ შეაფასა თავისი ავტოპარკის მონაცემები და საწვავის მოხმარება და აღმოჩნდა, რომ საწვავის საშუალო მოხმარება შესამჩნევად მაღალი იყო. შესაბამისად, მაღალი იყო გარემოზე ნეგატიური ზემოქმედებაც. კომპანიამ 2018 წლის განმავლობაში ეტაპობრივად განაახლა არსებული ავტოპარკის 70% და იგი ჩაანაცვლა ჰიბრიდული ტიპისა და ელექტრომობილებით, რამაც უკვე 2018 წლის ბოლოსთვის, 2017 წელთან შედარებით, მთლიანი საწვავის მოხმარება 13%-ზე მეტით შეამცირა.

ნარჩენების მართვა (მცირე და საშუალო კომპანია)

ჯეო-მულჩი – ტყის და ქალაქის სანიტარი“ ნარჩენის გადამამუშავებელი უნარჩენო წარმოება

„ჯეო მულჩის“ მიერ 2018 წლის იანვარში დაწყებული პროექტის მიზანია, ერთი მხრივ, ტყის მასივების ხის ნარჩენებისგან, დაავადებული და ამორტიზებული მცენარეებისგან გაწმენდა, ხოლო მეორე მხრივ, თბილისის მუნიციპალიტეტთან შეთანხმება, რომ ხე-მცენარეების სანიტარული ჭრის შედეგად წარმოქმნილი, სხვა მხრივ გამოუსადეგარი ნარჩენები გასხვისდეს კომპანიაზე, რომელიც ამ ნარჩენებს წარმოების ნედლეულად გამოიყენებს. კერძოდ, ხე-მასალის ნარჩენებისგან მზადდება მულჩი – სასოფლო-სამეურნეო, დეკორატიული და გარემოსდაცვითი დანიშნულების ნიადაგის საფარი.

პასუხისმგებელი დამსაქმებელი

ნექსია თიეი
“თანამშრომელი – ყველაზე მაღალი ღირებულება”

პროექტის მიზანია კომპანიის თანამშრომლების დამოკიდებულებისა და განწყობის შეცვლა და კომპანიაში ჯანსაღი სამუშაო გარემოსა და ღირსეული შრომის პირობების შექმნა. პროექტი დაიწყო 2018 წელს და დღესაც მიმდინარეობს. 2018 წელს კომპანიის მენეჯმენტმა გადაწყვიტა თანამშრომლებთან მიმართებით მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება. იმისათვის, რომ ცვლილებებს რეალური შედეგები მოეტანა, მოწვეული ექსპერტის დახმარებით ჩატარდა შრომითი კმაყოფილების, ჩართულობისა და ლოიალობის ანონიმური კვლევა.

საზოგადოების მხარდაჭერა

ჯიპიაი ჰოლდინგი – ეკოისტი

„ეკოისტი“ – „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ლოიალობის პროგრამაა, რომლის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის და ეკოქცევების პოპულარიზება. ნებისმიერ მსურველს, რომელიც სარგებლობს „ჯიპიაის“ მობილური აპლიკაციით, შეუძლია ჩაერთოს „ეკოისტის“ პროგრამაში და დაზღვევაში გადახდილი თანხის და/ან სხვადასხვა ეკოქცევის – ვარჯიშის, სიარულის, წყლის სმის – მეშვეობით დააგროვოს ეკომონეტები.

ფონდი ფეა თრიიზ (მცირე/საშუალო ზომის კომპანია)

ფეა თრიიზის ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკა

„ფეა თრიიზის“ ყოველწლიური სოციალური პროექტის შედეგად, რომელიც მოსახლეობის უფასო სამედიცინო გამოკვლევას მოიცავს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბავშვებში პირის ღრუს მოვლისა და მკურნალობის შემაშფოთებლად დაბალი დონე გამოვლინდა. ეს გამოწვეული იყო, ერთი მხრივ, რეგიონში ბავშთა სტომატოლოგის არარსებობით, ხოლო მეორე მხრივ, მოსახლეობის უკიდურესი სიღარიბით, რის გამოც სტომატოლოგია მათი პრიორიტეტების ჩამონათვალის ბოლოშია.

სხვადასხვა სექტორთა პარტნიორობა გაზიარებული პასუხისმგებლობა

თიბისი ბანკი – დავით კაკაბაძის შემოქმედების გამოფენა

ცნობილი მხატვრის, ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, დავით კაკაბაძის 130 წლისთავის აღსანიშნავად „თიბისი ბანკმა“, დავით კაკაბაძის ფონდთან პარტნიორობით, მასშტაბური პროექტი წამოიწყო, რომელიც 2019 წლის მაისში „თიბისი გალერეაში“ კაკაბაძის მრავალმხრივი შემოქმედების რეტროსპექტული გამოფენით გაიხსნა. გამოფენამ საზოგადოებას წარუდგინა დავით კაკაბაძე, როგორც მხატვარი, ხელოვნებათმცოდნე, ფოტოგრაფი, ოპერატორი, მეცნიერი, გამომგონებელი და სტერეო-კინოს სპეციალისტი.

CSR მენეჯერი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“ – თამთა ასლანიშვილი

კომპანია ემბისიში CSR-მიმართულების გააქტიურება თამთა ასლანიშვილის სახელს უკავშირდება. 2018 წელს მისი ინიციატივითა და მენეჯმენტთან აქტიური თანამშრომლობით შემუშავდა კომპანიის CSR-სტრატეგია. შემდგომ კომპანია გახდა არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო და ადგილობრივი ქსელის წევრი. კომპანია CSR-პროგრამებს ახორციელებს განათლების, გარემოს დაცვის, თანამშრომელთა კეთილდღეობისა და სოციალური მიმართულებებით. განათლების სფეროში ემბისი უძღვება პროექტს „ფინანსური მრჩეველი“, რომლის მიზანია საქართველოს მოსახლეობაში სწორი ფინანსური ქცევის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

შემოქმედებითი CSR

WATERGUNZ – გულგრილობის ხმა

საქართველოში კანონით აკრძალულია არასრულწლოვანთათვის ცივი იარაღის მიყიდვა, თუმცა ეს აკრძალვა რეალურად არ სრულდება. ამასთან, ბოლო წლებში შეინიშნება არასრულწლოვანთა შორის ძალადობის ფაქტების შემაშფოთებელი ზრდა. სააგენტო watergunz–ის სოციალური კამპანია მიზნად ისახავდა ამ პრობლემისკენ მოსახლეობის ყურადღების მიპყრობას და, საზოგადოებრივი აზრის მობილიზების მეშვეობით, ცივი იარაღის რეალიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გამკაცრებას.