მონაწილეობის პირობები

ვის შეუძლია მონაწილეობა

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი ღიაა ყველა მსურველისთვის. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ, როგორც მსხვილ, ისე მცირე/საშუალო ზომის კომპანიებს. ყველას ექნება გამარჯვების თანაბარი შანსი, რადგან მონაწილეთა განაცხადები შეფასდება არა ერთმანეთთან შედარებით, არამედ შეფასების სპეციალური კრიტერიუმების მიხედვით. მონაწილეობისთვის მთავარია პროგრამამ, პროექტმა, ინიციატივამ ან სტრატეგიამ წარმოაჩინოს CSR- პრინციპებთან შესაბამისობა, სანდოობა და კონკრეტული შედეგები.

თითოეულ კატეგორიაში შესაძლებელია ორი პარალელური ჯილდოს მინიჭება: ცალკე – მსხვილი და ცალკე – მცირე/საშუალო ზომის კომპანიისთვის.

საქართველოში მოქმედმა მულტინაციონალურმა კომპანიებმა უნდა შეძლონ არა მხოლოდ გლობალური სტრატეგიის შესრულების, არამედ ადგილობრივ დონეზე განხორციელებული თვალსაჩინო ინიციატივებისა და აქტიური ძალისხმევის ჩვენება; შეფასების პროცესში ყურადღება მიექცევა გლობალური სტრატეგიის ქართული რეალობისათვის მორგებას და ადგილობრივი აქტივობების ხარისხს.

წინა წლის კონკურსის მონაწილეს შეუძლია შემოიტანოს საკონკურსოდ იგივე პროექტი (რომელიც წინა წელს ჰქონდათ წარდგენილი) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინა განაცხადთან შედარებით აჩვენებს საგრძნობ გაუმჯობესებას, ახალ შედეგებსა და მიღწევებს. იგივე პროექტის უცვლელად შემოტანა დაუშვებელია.

წინა წლის კონკურსის გრან პრის მფლობელს არ აქვს უფლება  შემოიტანოს განაცხადი იმავე კატეგორიაში (ანუ კვლავ „წლის პასუხისმგებელი კომპანიის“ კატეგორიაში) შემდეგ წელს. მას შეუძლია განაცხადის შემოტანა ნებისმიერ სხვა კატეგორიაში.

წინა წლის კონკურსის თემატური კატეგორიის გამარჯვებულს არ აქვს უფლება შემდეგ წელს  საკონკურსოდ წარადგინოს იგივე პროექტი (რომელმაც წინა წელს გაიმარჯვა), რაოდენ მნიშვნელოვანი სიახლეები, გაუმჯობესება და ახალი მიღწევებიც არ უნდა ჰქონდეს.

წინა წლის კონკურსის თემატური კატეგორიის გამარჯვებულს შეუძლია საკონკურსოდ წარადგინოს სხვა პროექტი იმავე კატეგორიაში, რომელშიც შარშან გაიმარჯვა, ან ნებისმიერ სხვა კატეგორიაში.


საქსტატის სტანდარტის მიხედვით, საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში მონაწილე კომპანია განისაზღვრება, როგორც მსხვილი, თუკი მასში 250 ადამიანზე მეტია დასაქმებული; კონკურსში მონაწილე კომპანია, რომლის თანამშრომელთა რაოდენობა 250-ზე ნაკლებია, ითვლება მცირე ან საშუალო ზომის კომპანიად.

Competitive edge and business advantage concept as a group of hot air balloons racing to the top but an individualleader with a small balloon attached giving the winning competitor an extra boost to win the competition.
shutterstock_540839347 - patara