‘საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2019’ განაცხადების მიღებას დღეს, 30 სექტემბერს ასრულებს.
წელს, ისევე როგორც შარშან, კონკურსი ტარდება, მრავალ საერთაშორისო და ადგილობრივ საექსპერტო ორგანიზაციასთან, ბიზნესპლატფორმასა და სამთავრობო ინსტიტუტთან თანამშრომლობით. Meliora 2019 გამოავლენს და დააჯილდოებს საქართველოში მოქმედ იმ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ შთამაგონებელ და სამაგალითო პროექტებსა და ინიციატივებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში.
წამყვანი ქართველი და უცხოელი (ბრიტანელი, სლოვაკი, ბელგიელი, ისრაელელი, გერმანელი, ამერიკელი და დანიელი) ექსპერტებისგან შემდგარი დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს ნომინანტებს და გამოავლენს საუკეთესოებს CSR-ინიციატივების სათანადოდ დაგეგმვის, თანმიმდევრულობის, ეფექტურობისა და შედეგების მდგრადობის მიხედვით.
კონკურსის გამარჯვებულები 12 დეკემბერს დასახელდებიან.

Meliora 2019 ტარდება CSRDG-ის ორგანიზებით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაურის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.