ბიზნესლიტერატურის ბიბლიოთეკა

მეწარმეობის მიმართ სწრაფად მზარდი ინტერესის პირობებში მნიშვნელოვანია არსებობდეს ლიტერატურა, რომელიც დამწყებ მეწარმეებს სწორ ხედვასა და აზროვნებას ჩამოუყალიბებს და მსოფლიოში წარმატებულ მეთოდოლოგიებსა და პრაქტიკას გააცნობს. „ჯეპრას“ ერთ-ერთი CSR მიმართულებაა განათლების ხელშეწყობა; სწორედ ამიტომ კომპანიამ გადაწყვიტა შეექმნა ცოდნის ერთგვარი ბაზა საუკეთესო ბიზნესლიტერატურის სახით, რომელიც ქართველი მეწარმეებისთვის ქართულ ენაზე იქნებოდა ხელმისაწვდომი.

პროექტ „ბიზნესლიტერატურის ბიბლიოთეკის“ მიზანია ბიზნესგანათლების ხელშეწყობა საქართველოში, თანამედროვე ბიზნესლიტერატურის საუკეთესო ნიმუშების ქართულ ენაზე თარგმნის და გამოცემის გზით. ინიციატივა გრძელვადიანია: იგეგმება 2022 წლისთვის მინიმუმ 20 წიგნის გამოცემა. უკვე გამოიცა 4 წიგნი და მზადდება კიდევ 6 წიგნი.

პროექტის ფარგლებში 2019 წელს გამოცემულმა მსოფლიო ბესტსელერმა „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ დიდი ინტერესი გამოიწვია; წიგნში აღწერილი მეთოდოლოგიების განსახილველად, ჯეპრას ორგანიზებით, არაერთი საგანმანათლებლო და საინფორმაციო შეხვედრა-ვორკშოფი გაიმართა. შეიქმნა „ბიზნესლიტერატურის ბიბლიოთეკის“ ვებგვერდიც, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია წიგნების შესახებ, თემატური ბლოგპოსტები, სიახლეები, რეკომენდაციები.

პროექტის ამჟამინდელი პარტნიორები არიან „პალიტრა L” და Harvard Business Review; ამ უკანასკნელთან თანამშრომლობით იგეგმება 3 ქართულენოვანი გზამკვლევის გამოცემა.