ტყის და ქალაქის სანიტარი

“ჯეო მულჩის” მიერ 2018 წლის იანვარში დაწყებული პროექტის მიზანია, ერთი მხრივ, ტყის მასივების ხის ნარჩენებისგან, დაავადებული და ამორტიზებული მცენარეებისგან გაწმენდა, ხოლო მეორე მხრივ, თბილისის მუნიციპალიტეტთან შეთანხმება, რომ ხე-მცენარეების სანიტარული ჭრის შედეგად წარმოქმნილი, სხვა მხრივ გამოუსადეგარი ნარჩენები გასხვისდეს კომპანიაზე, რომელიც ამ ნარჩენებს წარმოების ნედლეულად გამოიყენებს. კერძოდ, ხე-მასალის ნარჩენებისგან მზადდება მულჩი _ სასოფლო-სამეურნეო, დეკორატიული და გარემოსდაცვითი დანიშნულების ნიადაგის საფარი.

პროექტის ფარგლებში, “ჯეო მულჩის” სამუშაო გუნდი რეგულარულად გადის ტყის მასივებში ხე-მცენარეთა ჭრის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების, წაქცეული და გამხმარი ხეების გამოსატანად. დღესდღეობით, თბილისის შემოგარენში ხის ნარჩენებისგან ათეულობით ჰექტარი ფართობის ტყე დასუფთავდა. ტყიდან გამოტანილი ბიოლოგიურად სუფთა ნედლეულით `ჯეო მულჩმა~ ბიოორგანული მულჩის წარმოება და ამავდროულად მისი დაპატენტების პროცესი დაიწყო.

„საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციასთან“ პარტნიორობით, `ჯეო მულჩი~ აწარმოებს აქტიურ კომუნიკაციას თბილისის მერიასთან, რომელმაც აღიარა საკითხის აქტუალობა და გამოთქვა მზადყოფნა მიიღოს დადგენილება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდება მუნიციპალური ხის ნარჩენების აუქციონის სახით გასხვისება.