წიგნის კლუბი ჩოჩხათში

წიგნის კლუბის პროექტს მედიასააგენტო „კლიპარტი“ ეროვნული ბიბლიოთეკის ხელშეწყობით 2018 წლის ოქტომბრიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის შეიქმნა თანამედროვე, ყოველმხრივ აღჭურვილი სამუშაო სივრცე, სადაც მათ შეუძლიათ შეიკრიბონ, იურთიერთონ, გაიფართოვონ თვალსაწიერი, ითანამშრომლონ და განახორციელონ თავიანთი თემისთვის სასარგებლო ბიზნესიდეები და სოციალური პროექტები.

წიგნის კლუბის შექმნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის ძველი ბიბლიოთეკის შენობაში გადაწყდა, რისთვისაც გარემონტდა და აღიჭურვა კომპიუტერებითა და უკაბელო ინტერნეტით 100 კვ.მ-ზე მეტი ფართის შენობა, განახლდა წიგნების ფონდი.

ახალგაზრდები აქტიურად დადიან წიგნის კლუბში, სადაც მათთვის პერიოდულად ეწყობა შეხვედრები და ვიდეოჩართვები სხვადასხვა სფეროს წარმატებულ ადამიანებთან, ასევე პრეზენტაციები და ტრენინგები ტურიზმის, აგროკულტურის, ფონდების მოძიების, პროექტის მართვის და სხვა აქტუალურ თემებზე. კლუბში ნელ-ნელა იკვრება თანამოაზრეთა გუნდი, რომელიც მომავალში სხვადასხვა იდეის განხორციელებაზე აპირებს თანამშრომლობას; იდეების პროექტებად გარდაქმნაში მათ „კლიპარტის“ მიერ შერჩეული მენტორები დაეხმარებიან.

წიგნის კლუბის პროექტით „კლიპარტი“, ერთი მხრივ, ეხმარება ახალ თაობას ხარისხიანი განათლების მიღებაში, მეორე მხრივ კი, წაახალისებს ბიზნესში პირველი ნაბიჯების გადასადგმელად.