დავით კაკაბაძის შემოქმედების გამოფენა და თანამედროვე არტისტებისთვის ინსპირაციის მიცემა

ცნობილი მხატვრის, ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, დავით კაკაბაძის 130 წლისთავის აღსანიშნავად „თიბისი ბანკმა“, დავით კაკაბაძის ფონდთან პარტნიორობით, მასშტაბური პროექტი წამოიწყო, რომელიც 2019 წლის მაისში „თიბისი გალერეაში“ კაკაბაძის მრავალმხრივი შემოქმედების რეტროსპექტული გამოფენით გაიხსნა. გამოფენამ საზოგადოებას წარუდგინა დავით კაკაბაძე, როგორც მხატვარი, ხელოვნებათმცოდნე, ფოტოგრაფი, ოპერატორი, მეცნიერი, გამომგონებელი და სტერეო-კინოს სპეციალისტი.

პროექტის სხვა ღონისძიებებს შორისაა დავით კაკაბაძის სამეცნიერო კვლევებისა და მხატვრული ნამუშევრების შთაგონებით შექმნილი მულტიმედიური ექსპოზიცია, დავით კაკაბაძის საიუბილეო კატალოგის გამოცემა, არქივის პრეზენტაცია თბილისის ხელოვნების ბაზრობაზე, მხატვრის აქამდე უცნობი ნამუშევრების გამოფენა წინანდალში. შეიქმნა საგანმანათლებლო პლატფორმა BAZA – ცოდნის გაზიარებისა და იდეების გენერირების ღია სივრცე ხელოვანებისთვის, მკვლევრებისთვის, სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული ადამიანებისთვის.

პროექტმა სრულიად ახალი პერსპექტივით წარმოაჩინა დავით კაკაბაძის შემოქმედება; გამოფენებს ჯამში 15,000 მნახველი ჰყავდა. ხორცი შეისხა პროექტის უმთავრესმა გამოწვევამ _ დავით კაკაბაძის მემკვიდრეობა გადავიდა ციფრულ ფორმატში, რაც მისი მრავალფეროვანი და მრავალშრიანი წარმოდგენის, განახლებისა და განვრცობის წინაპირობაა.

პროექტი საგანმანათლებლო პლატფორმის მეშვეობით რამდენიმე წელს გაგრძელდება.