ტერა ბანკი

„ტერაბანკის“ თანამშრომლებს უმთავრესი ღირებულება აერთიანებთ: ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ მუდმივი ინტერესი და ირგვლივ არსებული რეალობის უკეთესობისკენ შეცვლის სურვილი. სწორედ ამიტომ რჩება „ტერაბანკის“ გუნდისთვის უცვლელ პრიორიტეტად საზოგადოებისთვის სასარგებლო ინიციატივების შეთავაზება.

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა: გარემოზე ზრუნვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია „ტერაბანკის“ ძირეულ ფასეულობებს წარმოადგენს.

2018 წლის კამპანიამ „ტერა ბაიკი“ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა გავრცელებული მოსაზრება, რომ თბილისი ველოსიპედების ქალაქი არ არის. მთელი ზაფხულის განმავლობაში ბანკის 5 ფილიალთან მოწყობილი იყო სპეციალური ველოსადგომები, საიდანაც მსურველებს ველოსიპედის გაყვანა მარტივად, მხოლოდ „ტერა ბაიკის“ ბარათით შეეძლოთ. ამჟამად ინიციატივა სხვა ფორმით გრძელდება: ადამიანებს, რომლებსაც სურთ ველოსიპედებით გადაადგილება, მაგრამ სურვილის ასრულებაში ველოსიპედის მართვის არცოდნა უშლით ხელს, „ტერაბანკი“ სპეციალურ უფასო ველოგაკვეთილებს სთავაზობს.

გარემოზე ზრუნვა, როგორც ყოველდღური ჩვევა, „ტერაბანკის“ ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. „ტერაბანკის“ ფილიალებში დგას მაკულატურის შესაგროვებელი ყუთები; ბანკის თანამშრომლებს გაცნობიერებული აქვთ ქაღალდის მეორადი გადამუშავების მნიშვნელობა. გარემოზე ზრუნვის ჩვევის გამომუშავებისთვის 2017 წელს ბანკის 500-მდე თანამშრომელს საახალწლოდ ქოთნის ნაძვები გადაეცათ საჩუქრად, ხოლო მომხმარებლებს – სხვადასხვა ხემცენარე.

პასუხისმგებლობა თანამშრომლების მიმართ

თანამშრომლების ინტერესების გათვალისწინების, მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ კეთილდღეობაზე ზრუნვის მიმართულებით სხვადასხვა აქტივობები ტარდება. უკვე რამდენიმე თვეა ბანკში დამკვიდრდა ერთსაათიანი შესვენების ნაყოფიერად გატარების კულტურა: სხვადასხვა ფილიალის თანამშრომლები  ერთმანეთს იწვევენ და დროის სასიამოვნოდ და ნაყოფიერად გატარების იდეებს უზიარებენ.

საინტერესო აქტივობები იგეგმება ყოველთვიურად „ტერა ჟურნალის“ ფარგლებში, რომელიც თანამშრომლების ინტერესებსა და ცოდნის გაღრმავებაზეა გათვლილი. დაინტერესებულ თანამშრომლებს შეუძლიათ კვარტალში ერთხელ დაესწრონ სხვადასხვა ტიპის მასტერკლასს.

ყველა თანამშრომლის ჯანმრთელობა დაზღვეულია. გარდა ამისა, სხვადასხვა გადაუდებელი/გეგმიური ოპერაციების და ოჯახის წევრთა ავადმყოფობის ხარჯების დაფარვის მიზნით დაარსებულია თანამშრომელთა დახმარების ფონდი, რომელშიც თანამშრომლებს სურვილისამებრ შეუძლიათ ყოველთვიურად გარკვეული ოდენობის თანხის გადარიცხვა.

ბანკი მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების კმაყოფილებასა და უსაფრთხოებაზე და ინტერესდება მათი პრობლემებით, რისთვისაც ბანკის შიდა პორტალზე შექმნილია ანონიმური შეტყობინების გაგზავნის ფუნქცია. ადამიანური რესურსების დეპარტამენტის წარმომადგენლები ეტაპობრივად მართავენ შეხვედრებს თანამშრომლებთან, მათი საჭიროებებისა და სურვილების გარკვევის მიზნით.

პასუხისმგებლობა საბაზრო სივრცეში

„ტერაბანკი“ ცდილობს შეინარჩუნოს მოქნილობა და, არსებული რეგულაციების მიუხედავად, საბანკო პროდუქტების შექმნისას მაქსიმალურად გაითვალისწინოს მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფის ინტერესები. ამის მაგალითია „ტერაბანკის“ სესხი „რეპეტიტორებისთვის“, სპეციალურად მორგებული იმ პედაგოგების საჭიროებებზე, რომლებსაც შემოსავალი არ ერიცხებათ საბანკო ანგარიშზე.

„ტერაბანკის“ მომხმარებელთან კომუნიკაცია ყოველთვის ღია, გულწრფელი და მარტივია, რადგან ბანკისთვის მნიშვნელოვანია ლოიალური მომხმარებელი, რომელიც ენდობა ბანკს და მასთან გრძელვადიანი ურთიერთობის სურვილი აქვს.

საზოგადოების/ცალკეული თემების მხარდაჭერა

წლევანდელ ზაფხულში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა აშკარა გახადა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის აუცილებლობა. რამდენადაც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა „ტერაბანკისთვის“ ყოველდღიური პროცესია, ტურისტული ბიზნესის პოპულარიზაციაც ბანკის ღირებულებებსა და მიზნებს პასუხობს.

„ტერამოგზაურის“ კამპანიის ფარგლებში, ტერაბანკის ფილიალებმა თბილისსა და რეგიონებში ტურისტული ცენტრების ფუნქცია შეითავსეს, თანამშრომლებმა კი ტურისტულ მრჩეველთა როლი მოირგეს და ბანკის ფილიალებში შესულ ადამიანებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღირსშესანიშნაობებზე, საინტერესო მარშრუტებსა და კვების ობიექტებზე ამომწურავ ინფორმაციას აწვდიან.

„ტერამოგზაურის“ კამპანიას ბევრი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.