სს “ფუდმარტი” (სპარ საქართველო)

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა

კომპანია ცდილობს იყოს ლიდერი ბუნების დაცვისა და რესურსების ოპტიმალური გამოყენების ხელშეწყობის ინოვაციებსა და ინიციატივებში.

2018 წლიდან „სპარ საქართველომ“, საკუთარი ინიციატივით, კანონის ძალაში შესვლამდე, დაიწყო მაღაზიებში ბიოდეგრადირებადი პარკების გამოყენება. დაინერგა „მწვანე ყუთების“ ინიციატივა, რომლის მიზანია მაკულატურის შეგროვებით ქაღალდის დაზოგვა და გადამუშავება.

2018 წლის დასაწყისიდან დღემდე, ბენზინგასამართ სადგურ „ფრეგოსთან“ პარტნიორობით, „სპარის“ წარმოების პროცესში გამოყენებული 20 ტონამდე საკვები ზეთი გადამუშავდა ბიოდიზელად, რის შედეგადაც აღარ ხდება ბუნების დაბინძურება ნარჩენებით და იზოგება ბუნებრივი რესურსი — ნავთობი. ამასთანავე, ბიოდიზელი ბევრად უფრო ეკონომიური და ეკოლოგიურად სუფთაა, ვიდრე სტანდარტული ნავთობპროდუქტები.

მიმდინარე წელს სპარი იწყებს თანამშრომლობას საერთაშორისო კომპანიასთან „Enviroserve“, რომელიც  ქვეყნიდან ელექტრონარჩენებს მეორადი გადამუშავებისთვის გაიტანს.

პასუხისმგებლობა თანამშრომლების მიმართ

„სპარ საქართველოს“ ძირითად დასაყრდენ ძალას და ყველაზე მნიშვნელოვან კაპიტალს ადამიანები წარმოადგენენ. იმისათვის, რომ თანამშრომლებმა კომპანიაში მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ თავი, კანონით გათალისწინებული მოთხოვნების გარდა, „სპარი“ მათ სხვადასხვა შეღავათს სთავაზობს.

2000-ზე მეტ თანამშრომელს დღის განმავლობაში აქვს 50%-იან ფასდაკლება „სპარის“ წარმოების მზა საკვებზე; მაღაზიების ყველა თანამშრომელს ურიგდება „მეტრომანის“ ბარათი, კომპანიისაგან დარიცხული მგზავრობის საფასურით; ნებისმიერი ვაკანსია საჯაროდ გამოქვეყნებამდე ვრცელდება შიდა საკომუნიკაციო სივრცეში, რაც საშუალებას აძლევს თანამშრომლებს განვითარდნენ შიდა ჯანსაღი კონკურენციის პირობებში. 2018 წლიდან დღემდე 50-მდე ადმინისტრატორი დაწინაურდა მენეჯერად, 100-მდე კონსულტანტი — ადმინისტრატორად, ხოლო 3 მენეჯერი 2019 წელს გადავიდა რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე.

2018 წელს გამოვლინდნენ წარჩინებული სტუდენტები, რომლებიც შეთავსებით მუშაობდნენ „ფუდმარტში“; 4 სტუდენტს კომპანიამ სწავლა 100%-ით დაუფინანსა.

პასუხისმგებლობა საბაზრო სივრცეში

„სპარის“ მთავარი გზავნილი საზოგადოებისთვის არის „ერთად უკეთესია — მომხმარებელი პირველ ყოვლისა“. „სპარ საქართველო“ უზრუნველყოფს მომხმარებელთა სურსათით მომარაგებას მათთვის საჭირო დროსა და ადგლას, 24 საათის განმავლობაში.

„სპარის“ მაღაზიების უმრავლესობაში მოწყობილია პანდუსები შშმ პირებისთვის.

მომწოდებლებს შორის პრივილეგიებით სარგებლობენ ადგილობრივი კომპანიები და მეწარმეები. მიმდინარე ეტაპზე „სპარს“ ჰყავს 10-მდე ასეთი მომწოდებელი და მოლაპარაკება მიმდინარეობს კიდევ რამდენიმესთან. „სპარი“ მუდმივად თანამშრომლობს მცირე მეწარმეებთან, უთმობს მათ სავაჭრო სივრცეს და აძლევს განვითარებისა და ზრდის საშუალებას.

ყოველ ახალ წელს პარტნიორების საჩუქრების შესაფუთად „სპარი“ იყენებს კასპში არსებული სოციალური საწარმო „წნულის“ კალათებს; საწარმოში მუშაობენ სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.

კომპანიაში მოქმედებს მომხმარებელთა მოთხოვნილებების და საჩივრების ელექტრონული აღრიცხვა.

საზოგადოების/ცალკეული თემების მხარდაჭერა

„სპარ საქართველო“ აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე. სოციალური პროექტების განხორციელებისას „სპარი“ ყურადღებას ამახვილებს, ერთი მხრივ, ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-შენარჩუნებაზე, ხოლო მეორე მხრივ, ცდილობს ხელი შეუწყოს შშმ პირთა ჯანსაღ ინტეგრაციას საზოგადოებაში.

2016 წლიდან დღემდე „სპარის“ მაღაზიებში პარკის შეძენისას ყოველი გადახდილი თეთრი ირიცხება საქველმოქმედო ფონდ „ერთგულებაში“. „სპარში“ აკუმულირებული თანხებით ფონდი აფინანსებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენის სამუშაოებს; დღემდე ასეთი სამუშაოები ჩაუტარდა 30 ტაძარს და სამონასტრო კომპლექსს.

„სპარ საქართველო“ განაგრძობს აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდის მხარდაჭერას; კერძოდ, 2019 წელს „სპარმა“ მხარი დაუჭირა ამიერკავკასიაში უნიკალური პროექტის – აუტიზმის ეროვნული ცენტრის – „ფერადი ქალაქის“ მშენებლობას, რომელშიც აქტიურადაა ჩართული თბილისის მერია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რაგბის ფედერაცია და სხვა.