მოქმედების დღე

„ჯიპიაისთვის“ მნიშვნელოვანია ჰყავდეს ლოიალური თანამშრომლები, რომელთათვისაც საამაყოა კომპანიაში მუშაობა, აქვთ მისადმი მიკუთვნების, გუნდურობის და ერთიანობის  გრძნობა. ამ მიზნით კომპანია მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებას; ამჯერად გადაწყდა ისეთი მასშტაბური პროექტის დაგეგმვა, რომელშიც კომპანიის ყველა რგოლი ჩაერთვებოდა და ერთი მიზნისთვის იმოქმედებდა.

გეგმის მიხედვით, თანამშრომლები, წელიწადის 12 თვის შესაბამისად, 12 გუნდად განაწილდნენ, რის შემდეგაც თითოეულ გუნდს ერთდღიანი სოციალური აქტივობის მოფიქრება და წარდგენა დაევალა. თავის მხრივ, კომპანიამ გამოყო ყველანაირი მატერიალური თუ ტექნიკური რესურსი, რაც თითოეული აქტივობის განხორციელებას სჭირდებოდა.

ასე შეიქმნა „მოქმედების დღის“ პროექტი, რომლის ფარგლებშიც, 2019 წლის თებერვლიდან ყოველთვიურად, ერთი რომელიმე გუნდი, ერთი დღის განმავლობაში, სამსახურში მისვლის ნაცვლად, მოხალისეობრივ სოციალურ აქტივობას ეწევა. პროექტის ბენეფიციარებს შორის არიან შშმ პირები, სოციალურად დაუცველი ოჯახები, ინკლუზიური სკოლა, მევენახეები, მოხუცთა თავშესაფარი, ბავშვთა სახლი და სხვა.

„მოქმედების დღე“ ყველა თანამშრომლის საყვარელი და საამაყო პროექტია, რომელშიც უკვე 350 ადამიანი ჩაერთო. პროექტმა დააახლოვა სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები და გაზარდა თანამშრომელთა ლოიალობა კომპანიისა და მენეჯმენტის მიმართ.