წვიმის წყლის შეგროვების პროექტი

2018 წლის ივნისში “პროკრედიტ ბანკის” სათავო ოფისის სახურავზე დამონტაჟდა წვიმის წყლის შემგროვებელი სისტემა, რაც რამდენიმე მიზანს ემსახურებოდა: შენობის წყალმომარაგების ალტერნატიული, განახლებადი მეთოდის მეშვეობით გარემოზე ზემოქმედების შემცირებას, ბანკის თანამშრომლების, კლიენტებისა და ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას წყლის რესურსების ეფექტიანი მოხმარების მნიშვნელობის შესახებ და ამ პრეცედენტის შექმნით ადამიანების საქმიან და ყოველდღიურ ცხოვრებაში „მწვანე”, ეკოლოგიურად რაციონალური მიდგომების წახალისებას.

ამ ეტაპზე, პროექტის განხორციელების შედეგად, სათავო ოფისის მიერ მოხმარებული წყლის 14% წვიმის წყალია, რომელიც აუცილებელი ფილტრაციის შემდეგ ტექნიკური დანიშნულებით გამოიყენება. შესაბამისად, შემცირდა ზემოქმედება გარემოზე, რადგან სათავო ოფისს ქალაქის წყალმომარაგებიდან ყოველწლიურად 600მ3-ით ნაკლები წყალი ესაჭიროება, რაც ფინანსური თვალსაზრისითაც ხელშესახები სარგებელია. წვიმის წყლის გამოყენების იდეა მიაწოდეს ბანკის კლიენტებსაც, განსაკუთრებით, შავი ზღვის უხვნალექიანი რეგიონის სასტუმროებს; მეტი სტატისტიკური მონაცემის მოპოვების შემდეგ ბანკი შექმნის სადემონსტრაციო მასალას და გაუზიარებს ყველა დაინტერესებულ მხარეს.

ასევე მნიშვნელოვანი შედეგია წყლის დაზოგვის რეალური, წარმატებული მაგალითის მეშვეობით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება; 2019 წელს, გარემოსდაცვითი ტრენინგების დროს, პროექტის შედეგებს  ბანკის 242 თანამშრომელი გაეცნო.