თიბისი ბანკი

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა

„თიბისი“ ცდილობს გარემოზე პირდაპირი ზემოქმედების შემცირებას, რაც გულისხმობს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ ხარჯვას, ნარჩენების მართვას, შესყიდვებისას ენერგოეფექტური/მწვანე კრიტერიუმების გათვალისწინებას.

2019 წელს, გაციფრულების შედეგად, წინა წლებთან შედარებით, 50%-ით შემცირდა ბანკში ქაღალდის მოხმარება. სათავო ოფისებში შეგროვებული ქაღალდის ნარჩენები გადაეცემა კომპანიას, რომელიც დაუცველი ჯგუფებისთვის უსასყიდლოდ ბეჭდავს წიგნებს. ოფისებში დაიწყო ნარჩენების სეპარირება. ინტერნეტის „მწვანე გვერდზე“ რეგულარულად ქვეყნდება სიახლეები მწვანე აქტივობების შესახებ; თანამშრომლებისთვის ტარდება გარემოსდაცვითი სემინარები.

ბანკი ავითარებს ე.წ. მდგრად პორტფელს, რომელიც გულისხმობს ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსებას. „თიბისი“ იყო  პირველი კომპანია, რომელიც 2017 წელს ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად გადამწვარი ტყის აღდგენის ინიციატივით გამოვიდა; მისი ძალისხმევით ნახანძრალი ტერიტორიის 10 ჰექტარი წლის ბოლომდე სრულად აღდგება.

2018 წელს თიბისიმ ავტოპარკი ეკომეგობრული მანქანებით განაახლა.

თანამშრომელთა კეთილდღეობაზე ზრუნვა

თითოეულ თიბისელზე ზრუნვა და მისი კმაყოფილება კომპანიის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.

პოზიციების რანგირებისა და ანაზღაურების სამართლიანი და გამჭვირვალე სისტემის შექმნის მიზნით 2018 წელს, საკონსულტაციო კომპანია Mercer-თან ერთად, დაინერგა პოზიციების კლასიფიკაციის პროექტი.

კომპანიაში მოქმედებს ყველა თანამშრომლისთვის თანაბარი ჯანმრთელობის დაზღვევის სქემა; ხელმისაწვდომია სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევაც.

დაარსებულია ფონდი „თიბისელები თიბისელებისთვის“, სადაც თანამშრომლები ყოველთვიურად ნებაყოფლობით რიცხავენ ხელფასის 1% ან 2%-ს. ფონდი მატერიალურად ეხმარება თანამშრომლებს და მათ ოჯახებს რთული სამედიცინო პრობლემისას ან ოჯახის წევრის ქვეყნის გარეთ გარდაცვალების შემთხვევაში.

თანამშრომლების განვითარების მიზნით მუდმივად იგეგმება ტრენინგები, ლექციები და მასტერკლასები. კარიერული განვითარების დამატებითი პერსპექტივების შექმნას ემსახურება თიბისი აკადემია — საგანმანათლებლო პლატფორმა, სადაც თიბისელები უფასოდ სწავლობენ სხვადასხვა საბანკო და ბიზნესსაგნებს.

პასუხისმგებლობა საბაზრო სივრცეში

ბანკში მოქმედებს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა, რომლის ნაწილია პერსონალური მონაცემების დაცვაც. ბანკმა განახორციელა ფინანსური განათლების რამდენიმე ვიდეოპროექტი, რომელშიც მომხმარებლისთვის განმარტებულია საბანკო პროდუქტების გამოყენებისა და პირადი ფინანსების დაგეგმვის პროცესები.

მომწოდებლის შერჩევისთვის დამტკიცებულია პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიებისგან განაცხადების მიღების გამჭვირვალე და კონკურენტულ პირობებს. მნიშვნელოვანია, რომ ბანკი არ აყენებს ისეთ სატენდერო მოთხოვნებს, რომელთა საჭიროება არ არის დასაბუთებული და ემსახურება კონკურენციის ხელოვნურ შეზღუდვას. ბანკი მუდმივად მზადაა პროექტებში ჩართოს შედარებით მწირი გამოცდილების მქონე კომპანიები, რომელთაც აქვთ განვითარების რეალური რესურსი.

დანერგილია პრობლემებისა და პრეტენზიების მართვის პროცესი, რომლის ეფექტურობის შესაფასებლად ტარდება კლიენტების გამოკითხვები, როგორც ქოლცენტრის, ისე კვლევითი სააგენტოების დახმარებით.

საზოგადოების/ცალკეული თემების მხარდაჭერა

„თიბისი ბანკისთვის“ მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, კულტურული მემკვირდეობის შენარჩუნებაზე ზრუნვა და, მეორე მხრივ, ქვეყანაში ახალი ინოვაციური პლატფორმების დანერგვის ხელშეწყობა. სწორედ ამ პრინციპით უდგება ბანკი სხვადასხვა პროექტს, რომელთაც ახორციელებს საზოგადოების ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებების შესატანად.

განხორციელებულ პროექტებს შორის აღსანიშნავია:

#წერექართულად – რომელიც, მოიცავს ქართული ანბანით წერის პროპაგანდას, ფონტების კონკურსის ორგანიზებასა და ქართულ-ინგლისური ლექსიკონის გაციფრულებას; ამასთანავე, მაიკროსოფტთან ერთად შეიქმნა პირველი ქართულენოვანი ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა – kartulad.ge, რომლის მიზანია მაიკროსოფტის პროგრამებში ქართული ენის ინტეგრირება.

პროგრამა თიბისი ბიზნესისთვის ემსახურება საქართველოში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას;

პროექტი „სტარტაპერი“/startuperi.ge ქვეყანაში სტარტაპ გარემოს გაუმჯობესებას და სტარტაპების პოპულარიზაციას უწყობს ხელს;

სტიპენდიატების პროექტი სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრებ 200 ნიჭიერ ბავშვს სწავლისა და განვითარებისთვის აუცილებელი პირობების გაუმჯობესებაში ეხმარება.