მწვანე ავტოპარკი

2017 წელს „თიბისი ბანკმა“ შეაფასა თავისი ავტოპარკის მონაცემები და საწვავის მოხმარება და აღმოჩნდა, რომ საწვავის საშუალო მოხმარება შესამჩნევად მაღალი იყო. შესაბამისად, მაღალი იყო გარემოზე ნეგატიური ზემოქმედებაც. კომპანიამ 2018 წლის განმავლობაში ეტაპობრივად განაახლა არსებული ავტოპარკის 70% და იგი ჩაანაცვლა ჰიბრიდული ტიპისა და ელექტრომობილებით, რამაც უკვე 2018 წლის ბოლოსთვის, 2017 წელთან შედარებით, მთლიანი საწვავის მოხმარება 13%-ზე მეტით შეამცირა.

მხოლოდ აღნიშნული პროექტით კომპანიამ 2018 წლის მონაცემებით 96 252 კილოგრამით (-13,5%) მოახდინა სასათბურე აირების გაფრქვევების შემცირება 2017 წელთან შედარებით, ხოლო 2019 წლის ბოლოს დამატებით 170 000 კილოგრამით (-27%) შემცირება არის დაგეგმილი.

ბანკში მოქმედებს ტრანსპორტირების ცენტრალიზებული მომსახურება; თანამშრომლების მიერ ავტომობილის მოთხოვნა/დაჯავშნა ხდება ონლაინპლატფორმით. ეს სისტემა საშუალებას აძლევს ლოჯისტიკის განყოფილებას ეფექტიანად დაგეგმოს მარშრუტები და გააერთიანოს რამდენიმე თანამშრომლის მიმართულება, რაც ამცირებს საწვავის ხარჯს და გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას.