ფინანსური მრჩეველი

კომპანია “ემბისის” სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ “ფინანსური მრჩეველის” მიზანია ადამიანებს ფინანსების სფეროში ის ცოდნა და უნარები შესძინოს, რაც დაეხმარება მათ პირადი ფინანსების მართვისას სწორად და ეფექტურად გამოიყენონ არსებული ფინანსური ინსტრუმენტები და რომელთა წყალობითაც არ აჰყვებიან თაღლითურ სქემებსა და ფინანსურ პირამიდებს, მათი ურთიერთობა ფინანსურ და საკრედიტო ორგანიზაციებთან კი იქნება გააზრებული და პასუხისმგებლობით აღსავსე.

“ფინანსური მრჩეველი” აქტიურად ხორციელდება 2019 წლის დასაწყისიდან. ამ პერიოდში პროექტმა შესთავაზა კონსულტაციები მარნეულის, სენაკის, ზუგდიდის, ფოთის, წალენჯიხის და შაუმიანის მეწარმეობის პროგრამის მონაწილეებს; ჩაერთო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გორის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან ორგანიზებულ ფულის გლობალურ კვირეულში; “ფონდი ტასოს” პროექტის ფარგლებში დაეხმარა სამეგრელოს რეგიონის ქალთა ჯგუფებს საგრანტო კონკურსისთვის მზადებაში; უფასო მასტერკლასები შესთავაზა ტურიზმის სფეროში მოღვაწე დაინტერესებულ მხარეებს და სხვა მრავალ საგანმანათლებლო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

პროექტის პარტნიორები არიან საერთაშორისო ორგანიზაცია Action Againist Hunger, “ფონდი ტასო”, “პრო ბონო საქართველო”.

“ფინანსური მრჩეველი” საგანმანათლებლო საქმიანობას თავისი ვებგვერდის ონლაინბლოგისა და სოციალური ქსელების მეშვეობითაც ახორციელებს.