შპს “დიო”

კომპანია „დიოს“ სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტებია გენდერული თანასწორობა, ღირსეული სამუშაო გარემო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, ეკოლოგიაზე ზრუნვა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანების მხარდაჭერა.

 

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა

კომპანიის ერთ-ერთი CSR-მიმართულებაა ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური მოხმარება, რისთვისაც „დიო“ ცდილობს ეკომეგობრული და უსაფრთხო გახადოს წარმოება, პროდუქცია და აქტივობები.

კომპანიამ წარმოებაში დაამატა ენერგოეფექტური მინაპაკეტი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ ამინდში შენობის შიგნით ოპტიმალური ტემპერატურის შენარჩუნება უფრო ნაკლები დანახარჯებითაა შესაძლებელი. ამ პროდუქტისათვის ყურადღების მისაქცევად „დიომ“ აქტიური მარკეტინგული კამპანია აწარმოა ფასდაკლებების, სასაჩუქრე აქციების, სარეკლამო და საინფორმაციო ვიდეორგოლების საშუალებით.

„დიოს~ წარმოება არის უდანაკარგო – ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებით დამზადებული პროდუქცია არ ტოვებს ნარჩენებს. ოფისში მუდმივად გროვდება მაკულატურა, რომელსაც შემდგომ გადაამუშავებს სოციალური საწარმო „მწვანე საჩუქარი“; პოლიეთილენის ჭიქები ჩანაცვლდა მუყაოს ეკომეგობრული ჭიქებით.

კომპანია ხშირად მონაწილეობს გამწვანების აქციებში; მათ შორის იყო მთაწმინდის ტყე-პარკის გამწვანების აქციაც.

პასუხისმგებლობა თანამშრომლების მიმართ

კომპანიისთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლების კომფორტი და კმაყოფილება, რაც ხელს უწყობს შრომის ნაყოფიერებასაც.

კომპანია, განვითარების მიზნით, რეგულარულად აფინანსებს თანამშრომლების მონაწილეობას ტრენინგებსა და სასწავლო კურსებში; დანერგილია შიდა მენტორინგის პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც გამოცდილი, კვალიფიციური თანამშრომლები ეხმარებიან დამწყებ თანამშრომლებს კარიერული წინსვლისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენაში.

უსაფრთხო და ღირსეული სამუშაო გარემოს შესაქმნელად კომპანიაში დაინერგა სექსუალური შევიწროების გასაჩივრების მექანიზმი.

ყველა თანამშრომლის ჯანმრთელობა დაზღვეულია. პერსონალი მთლიანად აღიჭურვა ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით. სამუშაო სივრცე (როგორც დახურული, ისე ღია) აღიჭურვა უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველანაირი ინვენტარით; საამქროების მიხედვით მოეწყო პირველადი დახმარების კუთხეები. თანამშრომლებს ჩაუტარდათ პირველადი დახმარების სასწავლო ტრენინგები და სემინარები ერგონომიკის საკითხებზე.

„დიო“ დასაქმებისას თანაბარ პირობებს უზრუნველყოფს. კომპანიაში უკვე დასაქმებულია 1 შშმ პირი. ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულთა 49% ქალები არიან.

თანამშრომლები სურვილისამებრ მონაწილეობენ მოხალისეობრივ აქტივობებში (მაგალითად, სიცოცხლის ფესტივალში, მსოფლიო რბენაში WINGS FOR LIFE, თბილისიმარათონში,  მთაწმინდის პარკის გამწვანების აქციაში და სხვა).

პასუხისმგებლობა საბაზრო სივრცეში

კომპანიის გაცხადებულ მისიაში მკაფიოდ არის მითითებული, რომ კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელი.

„დიო“ იცავს მომხმარებლის პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობას. მომხმარებლის კმაყოფილების და ლოიალობის შენარჩუნების მიზნით „დიო“ ყოველთვიურად ატარებს გამოკითხვას დამკვეთთა კმაყოფილების დასადგენად და მათგან რეკომენდაციების მოსასმენად.

დღეისათვის, საერთო ჯამში, გამოკითხულია 2000-მდე დამკვეთი, რომელთაგან 91% კომპანიის მიმართ ლოიალობას ინარჩუნებს.

საზოგადოების/ცალკეული თემების მხარდაჭერა

კომპანია „დიო“ ორიენტირებულია ახალგაზრდებისა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანების მხარდაჭერაზე, აგრეთვე რეგიონების განვითარებაზე, რისთვისაც კომპანია სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ხშირად თანამშრომლობს როგორც სახელმწიფო, ისე საჯარო სექტორის ორგანიზაციებთან.

ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებს შორისაა შშმ პირთა კავშირი „იას“ ინტეგრირებული დღის ცენტრის სრული აღჭურვა კარ-ფანჯრებით და ფარდა-ჟალუზებით. ცენტრის დახმარებით განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს შეუძლიათ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება და შემოქმედებითი განვითარება.

`დიოსთვის~ მნიშვნელოვანია ქვეყნის კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნება, ამიტომ კომპანიის ხელშეწყობით გარემონტდა და აღიჭურვა ფანჯრებითა და ჟალუზებით ბიბლიოთეკა დიდ თონეთში, სოფელში, რომლის სკოლაშიც ვაჟა-ფშაველა ასწავლიდა. ანალოგიური პროექტი განხორციელდა 2018 წელს საოკუპაციო ხაზთან ახლოს; დღეისათვის ეს ბიბლიოთეკა სოფლის მცხოვრებლებისთვის არის ერთ-ერთი აქტიური კულტურული სივრცე.