საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2019, რომელიც ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში იმართება, იწყებს განაცხადების მიღებას. ამის შესახებ კონკურსის ორგანიზატორებმა, 23 ივლისს, სასტუმრო მარიოტ თბილისში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადეს.

ბიზნეს კომპანიებს შეუძლიათ წარმოადგინონ 2018-2019 წელს განხორციელებული CSR პროექტები კონკურსის 6 ძირითად კატეგორიაში:

მწვანე ინიციატივა
პასუხისმგებელი დამსაქმებელი
კეთილსინდისიერი საქმიანობა ბაზარზე
საზოგადოების მხარდაჭერა
სექტორთა პარტნიორობა – გაზიარებული პასუხისმგებლობა
CSR-ის შესახებ კომუნიკაცია

ასევე 3 სპეციალურ კატეგორიაში:

წლის CSR მენეჯერი
შემოქმედებითი CSR
ნარჩენების მართვაზე ორიენტირებული ინიციატივა

უმაღლესი ჯილდო (გრანპრი) – წლის პასუხისმგებელი ბიზნესის წოდება მიენიჭება ცალკე მსხვილ და ცალკე მცირე/საშუალო ზომის კომპანიას.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30 სექტემბერი, 2019.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის დირექტორმა ეკა ურუშაძემ, სასტუმრო მარიოტში გამართულ ღონისძიებაზე, განაცხადა:„საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora სტიმულს აძლევს ქართულ კომპანიებს განახორციელონ CSR პროექტები, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას საქართველოში“. „ევროკავშირი მხარს უჭერს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას, ვინაიდან იგი ადამიანის უფლებების, გარემოს დაცვასა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს.“განაცხადა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობის სამოქალაქო საზოგადოების პროგრამის ოფიცერმა, დომინიკა სკუბიდამ: „შარშანდელი კონკურსის განაცხადების რაოდენობამ აჩვენა, რომ ბიზნეს კომპანიები ნამდვილად იღებენ პასუხისმგებლობას, ნერგავენ ინოვაციურ მიდგომებს და ცდილობენ იყვნენ სოციალური ცვლილების გამტარებლები.“

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2019-ის სპონსორია „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“.

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2019 იმართება ისეთი საერთაშორისო და ადგილობრივ საექსპერტო ორგანიზაციების, ბიზნეს-პლატფორმებსა და სამთავრობო ინსტიტუტების მხარდაჭერით, როგორიცაა: საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; ფინანსთა სამინისტროს აკადემია; შვედეთის საელჩო საქართველოში; საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG); საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია; საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა; “აწარმოე საქართველოში”; ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA); ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო (EUGBC); საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC); ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF); საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია; ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობოს სამსახური; საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატა. საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის სპეციალურ, ნარჩენების მართვის კატეგორიას მხარს უჭერს USAID–ის პროგრამა „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“ (ფაზა II), რომელსაც ახორციელებს CENN. კატეგორია „შემოქმედებითი CSR” კი ხორციელდება საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) მხარდაჭერით.