კონკურსის ორგანიზატორი

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1995 წელს და სამოქალაქო სექტორში წარმატებული მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ორგანიზაციის მისიაა კარგი მმართველობის, მდგრადი, ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ამ მიზნით ცენტრი აქტიურად მუშაობს სამოქალაქო ორგანიზაციებთან, კერძო სექტორთან, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ფართო საზოგადოებასთან.

2004 წლიდან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი ახორციელებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების პროგრამას. ადგილობრივი ორგანიზაციებიდან იგი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ მიმართულებით დაიწყო მუშაობა. საქართველოში CSR-ის კონცეფციის პოპულარიზაციისა და სხვადასხვა სექტორის ინფორმირების მიზნით ცენტრი ატარებს კვლევებს, საკომუნიკაციო კამპანიებს, ტრენინგებს, სემინარებს, დაინტერესებულ მხარეთა ფორუმებს და კონფერენციებს, აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ასევე მსხვილ, საშუალო და მცირე კომპანიებთან, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და მედიასთან.