მოუყევით საქართველოს თქვენი CSR პროექტების შესახებ

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით (CSRDG) საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018 მიმდინარეობს.

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი ყოველწლიურად გაიმართება და საქართველოში მოქმედ იმ კომპანიებს დააჯილდოებს, რომელთაც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში საუკეთესო პროექტები ექნებათ.

კომპანიებს კონკურსში განაცხადების წარდგენა, 1 თვის განმავლობაში, 6 ძირითად და 3 სპეციალურ კატეგორიაში შეეძლოთ, რომელიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ყველა სფეროს მოიცავს. უმაღლესი ჯილდო (გრანპრი) – წლის პასუხისმგებელი ბიზნესის წოდება მიენიჭება ცალკე მსხვილ და ცალკე მცირე/საშუალო ზომის კომპანიას, რომლებიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთგულებას მთლიანი კომპანიის მასშტაბით საუკეთესოდ წარმოაჩენენ.

ნომინანტებს წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს და საუკეთესო CSR-ინიციატივებს გამოავლენს. ჟიურიში შედის თერთმეტი საერთაშორისო ექსპერტი (დიდი ბრიტანეთიდან, სლოვაკეთიდან, დანიიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან, აშშ-დან და ბელგიიდან) და ქართველი დამოუკიდებელი ექსპერტები საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც 13 დეკემბერს გაიმართება და რომელსაც დაესწრებიან როგორც საქართველოს წამყვანი ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ჟიური, საქართველოს მთავრობა და სხვა მრავალი საინტერესო სტუმარი.

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018  საერთაშორისო და ადგილობრივ საექსპერტო ორგანიზაციებთან, ბიზნეს პლატფორმებსა და სამთავრობო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით ტარდება.

კონკურსი იმართება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მხარდაჭერით.