itcert-online.com examscert.com testkingdump.com

საკონკურსო განაცხადის შევსება

3. საკონკურსო განაცხადის შევსება

განაცხადის ფორმის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ამ ბმულიდან. აქ ნახავთ ყველა კატეგორიის ჩამონათვალს. სხვადასხვა კატეგორიას სხვადასხვა განაცხადის ფორმა შეესატყვისება.

განმცხადებლებმა უნდა აირჩიონ მათთვის სასურველი კატეგორია და სპეციალურად გამოყოფილი უჯრედის მონიშვნით აგრეთვე მიუთითონ განაცხადის კონკრეტული თემა. თუ გადაწყვეტთ შეიტანოთ რამდენიმე განაცხადი სხვადასხვა კატეგორიაში, თითოეული განაცხადისთვის უნდა შეავსოთ ცალკე ფორმა.

განაცხადის ფორმა შედგება შესავალი ნაწილისგან, სადაც უნდა ჩაიწეროს მონაცემები კომპანიის შესახებ და ძირითადი ნაწილებისგან, სადაც უნდა ჩაიწეროს ინფორმაცია საკონკურსოდ წარდგენილი პროგრამის/პროექტის/ინიციატივის და არჩეულ კატეგორიაში კომპანიის ზოგადი CSR-მიდგომის შესახებ.

შესავალი ნაწილი – კომპანიის მონაცემები – არ შეფასდება ჟიურის წევრების მიერ, თუმცა კარგ წარმოდგენას შეუქმნის მათ კომპანიის საქმიანობის უფრო ფართო კონტექსტის და საზოგადოებაზე მისი ზემოქმედების შესახებ, რაც, საბოლოო ჯამში, დაეხმარება მათ შეფასების პროცესში. განაცხადები, რომლებშიც არ იქნება შევსებული ეს ნაწილი, არ მიიღება განსახილველად.

განაცხადის იმ ნაწილების შევსებისას, რომლებიც უნდა შეაფასოს ჟიურიმ, დარწმუნდით, რომ ზედმიწევნით იცავთ უშუალოდ განაცხადის ფორმებში მოცემულ ინსტრუქციებს; გადახედეთ ასევე შეფასების კრიტერიუმებს, რადგან სწორედ მათ მიაქცევენ ყურადღებას ჟიურის წევრები განაცხადების შეფასებისას.

თითქმის ყველა კატეგორიის შესატყვისი განაცხადის ფორმა მოითხოვს პროექტის რეზიუმეს წარდგენას. დარწმუნდით, რომ ამ რეზიუმეში ასახულია თქვენი ნომინაციის ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი; დაწერეთ რეზიუმე იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა ის კონკურსის ვებგვერდზე და სხვა საკონკურსო მასალებში გამოქვეყნდეს.

განაცხადის ფორმა მოითხოვს ასევე წარმდგენი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის (ან მის შესაბამის თანამდებობაზე მყოფი პირის) მოკლე (მაქსიმუმ 100 სიტყვიან) ციტირებას იმის თაობაზე, თუ რატომაა პასუხისმგებელი ბიზნესი მნიშვნელოვანი მისი კომპანიისთვის და პირადად მისთვის. ამგვარი ციტატა არ არის
სავალდებულო, თუმცა სასურველია, რადგან დაანახებს ჟიურის წევრებს კომპანიის უმაღლესი ხელმძღვანელობის დამოკიდებულებას და მხარდაჭერას CSR-მიდგომებთან დაკავშირებით. გაითვალისწინეთ, რომ ხელმძღვანელის სიტყვები შესაძლოა გამოქვეყნდეს კონკურსის სხვადასხვა საკომუნიკაციო მასალაში (ვებგვერდზე, საინფორმაციო ბროშურებში და ა.შ.). დროულად მიმართეთ თქვენს აღმასრულებელ დირექტორს (ან შესაბამის თანამდებობაზე მყოფხელმძღვანელს) შესაბამისი თხოვნით, რომ მას ჰქონდეს დრო ზემოხსენებული ციტატის მოსამზადებლად.

დარწმუნდით, რომ შეავსეთ განაცხადის ყველა ნაწილი. არასრული განაცხადების განხილვა არ მოხდება.
გთხოვთ დაიცვათ განაცხადის ფორმებში მითითებული შეზღუდვა ტექსტის მოცულობასთან (სიტყვების რაოდენობასთან) დაკავშირებით.

თუ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია შეიცვლება განაცხადის წარდგენის შემდეგ, გთხოვთ მაშინვე მიმართოთ კონკურსის ორგანიზატორებს თქვენს მონაცემებში შესწორების შეტანის მოთხოვნით.

დამატებითი საბუთების, ბმულების და მტკიცებულებების წარდგენა

განაცხადების შეფასების პროცესში ჟიურის წევრებს დასჭირდებათ განაცხადში წარმოდგენილი ამა თუ იმ ინფორმაციის გამამყარებელი ფაქტები, ციფრები და მასალები.

დამატებითი მასალები სასარგებლო იქნება და შეავსებს თქვენს განაცხადს, ამიტომ გთავაზობთ წარმოადგინოთ სხვადასხვა სახის მტკიცებულებები (ფოტომასალა, ბროშურები, ანგარიშები, საინფორმაციო ფურცლები და მედიაგაშუქება, ვიდეომასალა, გამოხმაურებები და შეფასებები, ინტერნეტბმულები და სხვა ნებისმიერი რამ, რაც,
თქვენი აზრით, უკეთესად, უფრო სრულყოფილად წარმოაჩნეს თქვენს პროექტს ჟიურის წევრების წინაშე).

გთხოვთ შეარჩიოთ მაქსიმალურად რელევანტური საილუსტრაციო მასალა.

  • ვრცელი დოკუმენტების წარმოდგენისას გთხოვთ მიუთითოთ, კონკრეტულად რომელ გვერდებს უნდა მიაქციონ ყურადღება ჟიურის წევრებმა;
  • წარდგენილი პროექტის შინაარსის საილუსტრაციოდ გთხოვთ წარმოადგინოთ მაღალი რეზოლუციის ფოტომასალა *.jpg, *.tif ან *.png ფორმატში;
  • URL-მისამართები/ბმულები გთხოვთ ჩასვათ უშუალოდ განაცხადში, ტექსტის იმ კონკრეტულ მონაკვეთში, რომლის საილუსტრაციოდაც გსურთ ამ ბმულების გამოყენება.

ბმულების მითითებისას გთხოვთ ასევე რაც შეიძლება ზუსტად მიუთითოთ კონკრეტული გვერდები ან ვიდეოფრაგმენტის დროის მონაკვეთი, განსაკუთრებით, თუ საუბარია ვრცელ ტექსტზე (მაგალითად, ონლაინანგარიშზე) ან ვიდეოზე. შემფასებლები არ წაიკითხავენ მთლიან ანგარიშს, ამდენად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ ბმულში მკაფიოდ მონიშნოთ ყველაზე რელევანტური მონაკვეთები, რომლებიც საუკეთესოდ განამტკიცებს თქვენს განაცხადს.

მტკიცებულებები გთხოვთ ერთ პაკეტში/ფოლდერში გააერთიანოთ და ატვირთოთ Google Drive-ზე, ხოლო ბმული ჩასვათ თქვენი განაცხადის შესაბამის მონაკვეთში.

საილუსტრაციო მასალის, ფოტოების და ვიდეოების მოწოდებით თქვენ ეთანხმებით საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის ფარგლებში ამ მასალის გამოქვეყნების შესაძლებლობას (თუ არ მიუთითებთ ამ მასალის კონფიდენციალობაზე განაცხადის ფორმის შესაბამის ველში).

კონფიდენციალობა

წარდგენილი მასალის ნაწილი შესაძლოა იყოს შიდა მოხმარების ან კონფიდენციალური. თქვენი განაცხადის ნებისმიერი ნაწილი, რომელიც ან კონფიდენციალურია, ან კომერციულად მგრძნობიარე, უნდა გარკვევით მონიშნოთ ასეთად განაცხადის ფორმის შესაბამის ველში. თქვენი მონიშნული ნებისმიერი ინფორმაცია განიხილება, როგორც მკაცრად კონფიდენციალური და არავითარ შემთხვევაში არ გამჟღავნდება შეფასების პროცესის ფარგლებს გარეთ.

© 2018 all rights reserved by CSRDG