itcert-online.com examscert.com testkingdump.com

განაცხადის წარდგენის ხუთი ნაბიჯის დაწვრილებითი აღწერა:

1. შეარჩიეთ შესაბამისი კატეგორია

დაფიქრდით, რა იყო ის საუკეთესო პროგრამა/პროექტი/ინიციატივა, რომელიც თქვენმა
კომპანიამ ბოლო ორი წლის (2017-2018) განმავლობაში განახორციელა. შეარჩიეთ
მისთვის შესაბამისი კატეგორია. თემების ჩამონათვალიდან, რომლებსაც შეიცავს ეს
კატეგორია, აირჩიეთ თქვენი პროექტის შესატყვისი კონკრეტული თემა. მაგალითად, თუ
გადაწყვიტეთ შეიტანოთ განაცხადი კატეგორიაში „მწვანე ინიციატივა“, შეარჩიეთ ამ
კატეგორიის თემებიდან (ენერგომენეჯმენტი, გარემოს დაბინძურების შემცირება,
ბიომრავალფეროვნების დაცვა და ა.შ.) ერთ-ერთი, რომელიც სხვებზე მეტად მიესადაგება
თქვენს პროექტს.

  • თუ მიგაჩნიათ, რომ არჩეული თემის გარდა, თქვენი პროექტი გარკვეულწილად
    რომელიმე სხვა თემასაც ეხმიანება, მიუთითეთ ეს განაცხადის ფორმის
    „შენიშვნების“ ველში;
  • თუ ფიქრობთ, რომ თქვენი პროექტი არ მიესადაგება კატეგორიაში არსებულ არც
    ერთ თემას, შეგიძლიათ დაამატოთ ახალი, პროექტის შესაფერისი, თემა.

თემის მითითება აუცილებელია შეფასების მიზნებიდან გამომდინარე — ის დაეხმარება
ჟიურის წევრებს უკეთ დაინახონ კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროგრამის/
პროექტის/ინიციატივის კონკრეტული მიზანი და გაიგონ, თუ სად ხედავს კომპანია
თავისი ნომინაციის ადგილს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთიანკონტექსტში. ამასთან გახსოვდეთ — ჯილდო გაიცემა თითოეულ კატეგორიაში და არა
ცალკეულ თემაში.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი პროგრამა, პროექტი ან ინიციატივა ერთზე მეტ კატეგორიას
მიესადაგება, თქვენი პასუხისმგებლობაა შეარჩიოთ ის კატეგორია, რომელიც უფრო
შესაფერისად მიგაჩნიათ.
რამდენი განაცხადის წარდგენა შეიძლება?
თქვენ შეგიძლიათ წარადგინოთ ნებისმიერი რაოდენობის განაცხადი ნებისმიერი
რაოდენობის კატეგორიაში. შეგიძლიათ წარადგინოთ რამდენიმე სხვადასხვა განაცხადი
სხვადასხვა კატეგორიაში; ასევე შეგიძლიათ წარადგინოთ რამდენიმე პროექტი ერთსა და
იმავე კატეგორიაში, ოღონდ იმ პირობით, რომ თითოეული მათგანი ამ კატეგორიაში
არსებულ განსხვავებულ თემას შეესაბამება.
მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ წარადგინოთ ორი სხვადასხვა პროექტი
კატეგორიებში: „მწვანე ინიციატივა“ და „პასუხისმგებელი დამსაქმებელი“;
შეგიძლიათ ასევე წარადგინოთ ორი განსხვავებული პროექტი ერთსა და იმავე
კატეგორიაში – „პასუხისმგებელი დამსაქმებელი“, იმ პირობით, რომ თქვენი
პროექტები შეესაბამება ამ კატეგორიის ორ სხვადასხვა თემას, ვთქვათ,
„თანამშრომელთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ და „თანამშრომელთა განათლება
და პროფესიული განვითარება“.
დაუშვებელია ერთი პროექტის ორ ან მეტ განსხვავებულ კატეგორიაში წარდგენა; ერთი
კონკრეტული პროექტის წარდგენა შეგიძლიათ მხოლოდ ერთხელ.
თქვენ ასევე შეგიძლიათ შემოიტანოთ განაცხადი გრანპრის – წლის პასუხისმგებელი
მსხვილი ან მცირე/საშუალო ბიზნესის წოდების მოსაპოვებლად, თუკი თქვენი კომპანია
კორპორაციული პასუხისმგებლობის ყველა სფეროში აქტიურობს და პასუხისმგებელი
დამოკიდებულებით გამოირჩევა გარემოს, თანამშრომლების, მომხმარებლების,
მომწოდებლების და მთლიანობაში საზოგადოების მიმართ.
გრანპრის ნომინაციაში წარდგენილ კომპანიას შეუძლია დამატებით შეიტანოს
განაცხადი სხვა ნებისმიერ კატეგორიაში.
განაცხადების შესაბამისობის შეფასების ეტაპზე (მანამ, სანამ განაცხადები
განსახილველად გადაეცემა ჟიურის წევრებს) კონკურსის ორგანიზატორებმა შესაძლოა
ურჩიონ განმცხადებლებს გადაანაცვლონ განაცხადი სხვა კატეგორიაში ან მიუთითონ
რომელიმე სხვა თემა; თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შესახებ იღებს
განმცხადებელი.
თუ კატეგორიის შესარჩევად დამატებითი რჩევა/დახმარება გესაჭიროებათ, გთხოვთ
დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის მეშვეობით.

2. მონაწილეობის ინტერესის გამოხატვა (არასავალდებულო)
სრული განაცხადის შემოტანამდე განმცხადებლებს ვურჩევთ გამოხატონ მონაწილეობის
სურვილი მარტივი ფორმის შევსების მეშვეობით, რომლის ჩამოტვირთვა შესაძლებელია
კონკურსის ვებგვერდიდან.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაწილეობის ინტერესის გამოხატვა არ არის
სავალდებულო. თქვენ შეგიძლიათ განაცხადის წარდგენა მონაწილეობის ინტერესის
გამოხატვის გარეშეც!
განმცხადებლებს, რომლებიც გამოხატავენ მონაწილეობის ინტერესს, მიეცემათ
შესაძლებლობა გაიარონ ინდივიდუალური კონსულტაცია CSRDG-ის
კონსულტანტებთან საკონკურსო განაცხადის შევსებასთან დაკავშირებით.
ინტერესის გამოხატვის ბოლო ვადაა 2018 წლის 10 სექტემბერი. შევსებული ფორმის
გამოგზავნა შეიძლება მისამართზე: csrawards@meliora.ge
განმცხადებლებს დაბეჯითებით ვურჩევთ მაქსიმალურად მოკლე ვადებში გამოგზავნონ
ინტერესის გამოხატვის შევსებული ფორმები, რომ რაც შეიძლება მეტი დრო დარჩეთ
ინდივიდუალური კონსულტაციის გასავლელად და საკონკურსო განაცხადის
შესავსებად.
ინდივიდუალური კონსულტაციები გაიმართება 3-დან 27 სექტემბრამდე.
გთხოვთ გახსოვდეთ, რომ:

ინტერესის გამოხატვა არ არის სავალდებულო; თქვენი გადასაწყვეტია,
გამოიყენებთ თუ არა ამ შესაძლებლობას.
პროექტის სახელწოდება, მითითებული მონაწილეობის ინტერესის ფორმაში,
პირობითია. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ სახელწოდება საბოლოო განაცხადში.
მონაწილეობის ინტერესის გამოხატვის შემდგომ თქვენ დამატებით შეგიძლიათ
წარადგინოთ სხვა განაცხად(ებ)ი (იმავე ან განსხვავებულ კატეგორიებში).
3. საკონკურსო განაცხადის შევსება
განაცხადის ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ვებგვერდიდან: www.meliora.ge,
რომელზეც ნახავთ სხვადასხვა კატეგორიის ჩამონათვალს. სხვადასხვა კატეგორიას
სხვადასხვა განაცხადის ფორმა შეესატყვისება.

განმცხადებლებმა უნდა აირჩიონ მათთვის სასურველი კატეგორია და სპეციალურად
გამოყოფილი უჯრედის მონიშვნით აგრეთვე მიუთითონ განაცხადის კონკრეტული
თემა.
თუ გადაწყვეტთ შეიტანოთ რამდენიმე განაცხადი სხვადასხვა კატეგორიაში,
თითოეული განაცხადისთვის უნდა შეავსოთ ცალკე ფორმა.
განაცხადის ფორმა შედგება შესავალი ნაწილისგან, სადაც უნდა ჩაიწეროს მონაცემები
კომპანიის შესახებ და ძირითადი ნაწილებისგან, სადაც უნდა ჩაიწეროს ინფორმაცია
საკონკურსოდ წარდგენილი პროგრამის/პროექტის/ინიციატივის და არჩეულ
კატეგორიაში კომპანიის ზოგადი CSR-მიდგომის შესახებ.
შესავალი ნაწილი – კომპანიის მონაცემები – არ შეფასდება ჟიურის წევრების მიერ, თუმცა
კარგ წარმოდგენას შეუქმნის მათ კომპანიის საქმიანობის უფრო ფართო კონტექსტის და
საზოგადოებაზე მისი ზემოქმედების შესახებ, რაც, საბოლოო ჯამში, დაეხმარება მათ
შეფასების პროცესში. განაცხადები, რომლებშიც არ იქნება შევსებული ეს ნაწილი, არ
მიიღება განსახილველად.
განაცხადის იმ ნაწილების შევსებისას, რომლებიც უნდა შეაფასოს ჟიურიმ,
დარწმუნდით, რომ ზედმიწევნით იცავთ უშუალოდ განაცხადის ფორმებში მოცემულ
ინსტრუქციებს; გადახედეთ ასევე შეფასების კრიტერიუმებს, რადგან სწორედ მათ
მიაქცევენ ყურადღებას ჟიურის წევრები განაცხადების შეფასებისას.
თითქმის ყველა კატეგორიის შესატყვისი განაცხადის ფორმა მოითხოვს პროექტის
რეზიუმეს წარდგენას. დარწმუნდით, რომ ამ რეზიუმეში ასახულია თქვენი ნომინაციის
ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი; დაწერეთ რეზიუმე იმის გათვალისწინებით, რომ
შესაძლოა ის კონკურსის ვებგვერდზე და სხვა საკონკურსო მასალებში გამოქვეყნდეს.
განაცხადის ფორმა მოითხოვს ასევე წარმდგენი კომპანიის აღმასრულებელი
დირექტორის (ან მის შესაბამის თანამდებობაზე მყოფი პირის) მოკლე (მაქსიმუმ 100
სიტყვიან) ციტირებას იმის თაობაზე, თუ რატომაა პასუხისმგებელი ბიზნესი
მნიშვნელოვანი მისი კომპანიისთვის და პირადად მისთვის. ამგვარი ციტატა არ არის
სავალდებულო, თუმცა სასურველია, რადგან დაანახებს ჟიურის წევრებს კომპანიის
უმაღლესი ხელმძღვანელობის დამოკიდებულებას და მხარდაჭერას CSR-მიდგომებთან
დაკავშირებით. გაითვალისწინეთ, რომ ხელმძღვანელის სიტყვები შესაძლოა
გამოქვეყნდეს კონკურსის სხვადასხვა საკომუნიკაციო მასალაში (ვებგვერდზე,
საინფორმაციო ბროშურებში და ა.შ.). დროულად მიმართეთ თქვენს აღმასრულებელ
დირექტორს (ან შესაბამის თანამდებობაზე მყოფ ხელმძღვანელს) შესაბამისი თხოვნით,
რომ მას ჰქონდეს დრო ზემოხსენებული ციტატის მოსამზადებლად. დარწმუნდით, რომ შეავსეთ განაცხადის ყველა ნაწილი. არასრული განაცხადების
განხილვა არ მოხდება.
გთხოვთ დაიცვათ განაცხადის ფორმებში მითითებული შეზღუდვა ტექსტის
მოცულობასთან (სიტყვების რაოდენობასთან) დაკავშირებით.
თუ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია შეიცვლება განაცხადის წარდგენის შემდეგ,
გთხოვთ მაშინვე მიმართოთ კონკურსის ორგანიზატორებს თქვენს მონაცემებში
შესწორების შეტანის მოთხოვნით.

დამატებითი საბუთების, ბმულების და მტკიცებულებების წარდგენა
განაცხადების შეფასების პროცესში ჟიურის წევრებს დასჭირდებათ განაცხადში
წარმოდგენილი ამა თუ იმ ინფორმაციის გამამყარებელი ფაქტები, ციფრები და მასალები.
დამატებითი მასალები სასარგებლო იქნება და შეავსებს თქვენს განაცხადს, ამიტომ
გთავაზობთ წარმოადგინოთ სხვადასხვა სახის მტკიცებულებები (ფოტომასალა,
ბროშურები, ანგარიშები, საინფორმაციო ფურცლები და მედიაგაშუქება, ვიდეომასალა,
გამოხმაურებები და შეფასებები, ინტერნეტბმულები და სხვა ნებისმიერი რამ, რაც,
თქვენი აზრით, უკეთესად, უფრო სრულყოფილად წარმოაჩნეს თქვენს პროექტს ჟიურის
წევრების წინაშე).

  • ვრცელი დოკუმენტების წარმოდგენისას გთხოვთ მიუთითოთ, კონკრეტულად
    რომელ გვერდებს უნდა მიაქციონ ყურადღება ჟიურის წევრებმა;
  • წარდგენილი პროექტის შინაარსის საილუსტრაციოდ გთხოვთ წარმოადგინოთ
    მაღალი რეზოლუციის ფოტომასალა *.jpg, *.tif ან *.png ფორმატში;
  • URL-მისამართები/ბმულები გთხოვთ ჩასვათ უშუალოდ განაცხადში, ტექსტის იმ
    კონკრეტულ მონაკვეთში, რომლის საილუსტრაციოდაც გსურთ ამ ბმულების
    გამოყენება.

გთხოვთ შეარჩიოთ მაქსიმალურად რელევანტური საილუსტრაციო მასალა.
ბმულების მითითებისას გთხოვთ ასევე რაც შეიძლება ზუსტად მიუთითოთ
კონკრეტული გვერდები ან ვიდეოფრაგმენტის დროის მონაკვეთი, განსაკუთრებით, თუ
საუბარია ვრცელ ტექსტზე (მაგალითად, ონლაინანგარიშზე) ან ვიდეოზე. შემფასებლები
არ წაიკითხავენ მთლიან ანგარიშს, ამდენად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ ბმულში
მკაფიოდ მონიშნოთ ყველაზე რელევანტური მონაკვეთები, რომლებიც საუკეთესოდ
განამტკიცებს თქვენს განაცხადს.
მტკიცებულებები გთხოვთ ერთ პაკეტში/ფოლდერში გააერთიანოთ და ატვირთოთ
Google Drive-ზე, ხოლო ბმული ჩასვათ თქვენი განაცხადის შესაბამის მონაკვეთში. საილუსტრაციო მასალის, ფოტოების და ვიდეოების მოწოდებით თქვენ ეთანხმებით
საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის ფარგლებში ამ მასალის
გამოქვეყნების შესაძლებლობას (თუ არ მიუთითებთ ამ მასალის კონფიდენციალობაზე
განაცხადის ფორმის შესაბამის ველში).

კონფიდენციალობა
წარდგენილი მასალის ნაწილი შესაძლოა იყოს შიდა მოხმარების ან კონფიდენციალური.
თქვენი განაცხადის ნებისმიერი ნაწილი, რომელიც ან კონფიდენციალურია, ან
კომერციულად მგრძნობიარე, უნდა გარკვევით მონიშნოთ ასეთად განაცხადის ფორმის
შესაბამის ველში.
თქვენი მონიშნული ნებისმიერი ინფორმაცია განიხილება, როგორც მკაცრად
კონფიდენციალური და არავითარ შემთხვევაში არ გამჟღავნდება შეფასების პროცესის
ფარგლებს გარეთ.

4. განაცხადის წარდგენა

გთხოვთ გაგზავნოთ შევსებული განაცხადი Word-ის ფორმატში და თანდართული
მასალა მისამართზე: csrawards@meliora.ge
არ დაგავიწყდეთ, რომ განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოთ:

  • განაცხადის გასამყარებელი საბუთები და მტკიცებულებები;
  • კომპანიის დეკლარაცია, ხელმოწერილი აღმასრულებელი დირექტორის (ან
    შესაბამისი თანამდებობის პირის) ან განაცხადის წარდგენაზე პასუხისმგებელი
    პირის მიერ და დასკანირებული; დეკლარაციით კომპანია ადასტურებს, რომ
    განაცხადში ასახული ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს;
  • პარტნიორის ხელმოწერილი და დასკანირებული დეკლარაცია – იმ შემთხვევაში,
    თუკი თქვენს განაცხადში ნახსენებია სხვა ორგანიზაციასთან პარტნიორობა;
    დეკლარაციით პარტნიორი ორგანიზაცია ადასტურებს, რომ განაცხადში ასახული
    ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს.
  • თქვენი კომპანიის ლოგო, მოწოდებული მაღალი რეზოლუციის ფაილით.
    დაიჭირეთ თადარიგი, რომ შეავსოთ განაცხადი ბოლო ვადის ამოწურვამდე (5
    ოქტომბრამდე).

5. შეტყობინების მიღება

განაცხადის წარდგენიდან სამი დღის ვადაში თქვენს ელექტრონულ მისამართზე
გამოგზავნილი შეტყობინებით დაგიდასტურებთ განაცხადის მიღებას. თუ
შეტყობინებას სამი სამუშაო დღის ვადაში არ მიიღებთ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ
ტელეფონზე: 599 690969 ან ელექტრონული ფოსტით: csrawards@meliora.ge

© 2018 all rights reserved by CSRDG