natural-green-roof-design-idea-ideas-futurist
roofing-safety
1-wind-turbines-promo_0

CSR-ის შესახებ

რას ნიშნავს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR)?

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR), ანუ „პასუხისმგებელი ბიზნესის“ ცნება უკავშირდება ბიზნესის ეკონომიკური წარმატების უზრუნველყოფას კომპანიის საქმიანობაში ეთიკის ნორმების, სოციალური და გარემოსდაცვითი განზომილებების გათვალისწინებით. შესაბამისად, კორპორაციული პასუხისმგებლობა წარმოადგენს ბიზნესის ნებაყოფლობით ქმედებებს, განხორციელებულს კანონის მოთხოვნათა მიღმა, რომლებიც ემსახურება როგორც თავად ბიზნესის კონკურენტუნარიანობისა და ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ისე საზოგადოების კეთილდღეობას.¹

რატომ არის საქართველოსთვის სასიკეთო CSR-ის განვითარება?

CSR-ის განვითარება დადებით ზეგავლენას ახდენს როგორც თავად კომპანიის საქმიანობაზე, ისე ქვეყნის წინსვლასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე. CSR-ი ეფექტური ინსტრუმენტია კერძო სექტორისათვის, რომ წვლილი შეიტანოს სხვადასხვა საერთო მიზნის მიღწევაში, როგორიცაა, მაგალითად: სოციალური ინტეგრაცია, სიღარიბის აღმოფხვრა, სამუშაო ადგილების შექმნა, თანაბარ შესაძლებლობათა უზრუნველყოფა, შრომითი სტანდარტების დაცვა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება.

გარდა ამისა, CSR-ის განვითარება ხელს შეუწყობს ეროვნული სახელმწიფო პოლიტიკის მიზნების შესრულებას და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს, რადგან კორპორაციული პასუხისმგებლობის ხელშეწყობის ვალდებულება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რამდენიმე მუხლშიც არის ჩამოყალიბებული.

რატომ არის CSR-ის განვითარება კეთილისმყოფელი კომპანიებისთვის?

თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო იზრდება კავშირი CSR-სა და ბიზნესის წარმატებას შორის. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა არის მენეჯმენტის მიდგომა, რომლის მეშვეობითაც კომპანიები უფრო მდგრადები, ეფექტურები და წარმატებულები ხდებიან, რადგან პასუხობენ საზოგადოების მოლოდინს და აკმაყოფილებენ საქმიანობის თანამედროვე სტანდარტებს.

უამრავი კვლევა ადასტურებს, რომ სოციალური პასუხისმგებლობა არის უკეთესი ფინანსური მაჩვენებლებისა და წარმატების საფუძველი, რადგან პასუხისმგებელ კომპანიას აქვს უკეთესი იმიჯი და რეპუტაცია; იზიდავს და ინარჩუნებს კვალიფიციურ პერსონალს; ჰყავს ერთგული და მოტივირებული თანამშრომლები; ჰყავს ლოიალური მომხმარებლები; უკეთ ახდენს რისკების პრევენციას; უფრო ეფექტურად იზიდავს ინვესტორებს და პარტნიორებს; გადის ახალ ბაზრებზე და არის უფრო კონკურენტუნარიანი.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, კომპანიებისთვის CSR-ი არის სტრატეგიული მიდგომა, რომელიც მათ ეხმარება გააუმჯობესონ ურთიერთობა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან და ამ გზით გაზარდონ საკუთარი ბიზნესის წარმატება.

¹განმარტება ეფუძნება შემდეგ წყაროებს: COMMUNICATION FROM THE COMMISSION concerning Corporate Social Responsibility: A business contribution to Sustainable Development, Commission of the European Communities, Brussels, 2002; UK Government CSR Report 2009, www.csr.gov.uk

© 2018 all rights reserved by CSRDG