კონკურსში 41 ბიზნეს კომპანია 76 პროექტით მონაწილეობს

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ ორგანიზებულ საქართველოს პასუხისმგებელ ბიზნესის კონკურსში – Meliora 2018 -განაცხადების მიღება დასრულებულია. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსი წელს პირველად ტარდება, ბიზნეს კომპანიების მხრიდან მონაწილეობის საკმაოდ დიდი ინტერესი დაფიქსირდა, რაც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართ მნიშვნელოვან ინტერესზე მეტყველებს.

კონკურსში მონაწილეობას 41 კომპანია  2017-2018 წელს განხორციელებული 76 პროექტით მიიღებს და შეეცდება, წლის პასუხისმგებელი ბიზნესის წოდება მოიპოვოს. კომპანიებს საშუალება ჰქონდათ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული პროექტები და ინიციატივები კონკურსის 11 კატეგორიაში წარმოედგინათ. კონკურსის კატეგორიები მოიცავდა CSR-ის თითქმის ყველა მიმართულებას. კონკურსის შეფასების კრიტერიუმი, კატეგორიები და პროცედურები შემუშავდა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროს წამყვანი ევროპული ორგანიზაციების ექსპერტებთან თანამშრომლობით, რომელთაც ამ ტიპის კონკურსების ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, ესენია: Pontis Foundation, სლოვაკეთი და Business in the Community, the Prince’s Responsible Business Network, დიდი ბრიტანეთი; შესაბამისად, კონკურსი საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

წარდგენილ განაცხადებს 17 ქართველ  ექსპერტთან ერთად, რომელთა ვინაობა დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი, 11 საერთაშორისო ექსპერტიც შეაფასებს. საერთაშორისო ჟიური მდგრადი განვითარებისა და კოპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტებისგან შედგება, მათ შორის: მარიანა ბოუგლე, შვედური CSR ორგანიზაცია „CSR Sweden”-ის აღმასრულებელი დირექტორი; ელენ კოენი, რომელიც  მდგრადი განვითარების ლიდერთა ასეულში არის შესული; ჟაკ სპელკენი, Engie Group-ის CSR მენეჯერი, და სფეროს სხვა წამყვანი პროფესიონალები.

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018 – ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში იმართება. კონკურსის მხარდამჭერები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნეს ასოციაციები და სამთავრობო უწყებები, მათ შორის: ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC), საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG),  ქალაქ თბილისის მერია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სხვა. კონკურსს ჰყავს 21 მედია პარტნიორი, მათ შორის Business Media Group, Forbes, Enterpener Georgia და სხვა ცენტრალური თუ ონლაინ მედია.

დაჯილდოების ცერემონია 13 დეკემბერს გაიმართება და მონაწილე კომპანიებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს, გააცნონ საზოგადოებას თავიანთი CSR-ინიციატივები და მოიპოვონ აღიარება საუკეთესო მიღწევებისათვის.

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora ყოველწლიურად გაიმართება, რაც საშუალებას მისცემს, ყველაზე პროგრესულ კომპანიებსა და ამბიციურ ბიზნესპროფესიონალებს, რომლებსაც არ სურთ ბიზნესის ტრადიციულ, მხოლოდ შემოსავალზე ორიენტირებულ ჩარჩოებში დარჩენა, გაერთიანდნენ და წარმოაჩინონ თავიანთი პასუხისმგებელი პროგრამები.